თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თავის ტკივილის მოთმენა, მაშინაც კი, თუ ის ოდნავ იგრძნობა, არ შეიძლება — უმჯობესია, დაუყოვნებლივ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ნევროლოგმა პაველ ბრანდმა.
„თქვენ არ გაქვთ წინასწარმეტყველური ნიჭი, რომ გაიგოთ, იქნება თუ არა თავის ტკივილი სუსტი ან ძლიერი. უმჯობესია დაუყოვნებლივ გაიყუჩოთ ის“, — ამბობს ნევროლოგი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თავის ტკივილის გამო გამაყუჩებლის ხშირად მიღება გჭირდებათ, დაახლოებით თვეში 15 დღის განმავლობაში, ეს უკვე ექიმთან აუცილებლად ვიზიტის მიზეზია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ქრონიკულ დაავადებად ჩამოყალიბდება.
უფრო მეტიც, ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ტკივილგამაყუჩებლის მიღება უკვე არის განგაშის სიგნალი.
ექიმი ამბობს, რომ ერთჯერადად მისაღებად ტკივილგამაყუჩებლის შერჩევა თავად შეგიძლიათ, სხვა შემთხვევაში კი ჯობს ექიმმა დაგინიშნოთ.
„ცალკეული შემთხვევებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. ეს საუკეთესო ვარიანტია ტკივილის ერთჯერადი კუპირებისთვის. თუ ხშირი გამოყენება გჭირდებათ, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს და აირჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი კონკრეტულად თქვენთვის, რადგან თავის ტკივილისთვის უნივერსალური წამლები არ არსებობს“, — განმარტა ექიმმა.
ბუნებრივი ელექსირის რეცეპტი თავის ტკივილის სამუდამოდ დასავიწყებლად: ჯადოსნური წვეთები>>
ამასთან ნევროლოგი გვაფრთხილებს, რომ ზოგჯერ შეიძლება თვითონ ტკივილგამაყუჩებელიც კი გახდეს თავის ტკივილის მიზეზი.
„სამწუხაროდ, არსებობს თავის ტკივილის ისეთი ტიპი, რომელსაც აბუზუსური ეწოდება და ასოცირდება ტკივილგამაყუჩებლების არასწორ მიღებასთან. ამიტომ ჯობს დროულად მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის“, — გვირჩევს პაველ ბრანდი.
სპეციალისტი თავის ტკივილის აღმოფხვრის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მალამოები, ჩაი თუ ბალახები, ნაკლებად ეფექტურად მიიჩნევს.
მანამდე ბრიტანული კომპანია Healthspan-ის სამედიცინო დირექტორმა სარა ბრუერმა განაცხადა, რომ არსებობს „მკვლელი“ თავის ტკივილები, რომლებსაც ათასიდან ერთ ადამიანზე ნაკლები განიცდის.