როდის დადგება შოპინგის დრო – ვიცე-პრემიერმა „უქმე დღის კარანტინის“ არსი განმარტა

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეზღუდვები მუდმივად არ გაგრძელდება და დაავადების დონის შემცირებასთან ერთად ეტაპობრივად მოიხსნება.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების უქმე დღეებში მუშაობის აკრძალვა ადამიანების ნაკადის შემცირების სურვილით არის გამოწვეული, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო სექტორში

საქართველოში 1 თებერვლიდან ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი იხსნება, ხოლო 15 თებერვლიდან – ბაზრობებიც. თუმცა, უქმე დღეებში ისინი არ იმუშავებენ.

ვიცე-პრემიერის თქმით, კვირის სამუშაო დღეებში ადამიანები სამსახურში არიან და მაღაზიებში სიარულის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. შაბათ-კვირას კი ისინი არა მხოლოდ კონკრეტული ნივთის შესაძენად, არამედ დროის გასატარებლად, საშოპინგოდ დადიან სავაჭრო ცენტრებში.

„როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მათი გაყიდვების 40% უშუალოდ შაბათ-კვირაზე მოდის, რაც ავტომატურად გაზრდილ მობილობას ნიშნავს; გაზრდილი მობილობა კი ინფექციის გავრცელების რისკებს ზრდის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი შეზღუდვები მუდმივად არ გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიხსნება ინფიცირების დონის შემცირების შესაბამისად.

აჭარა გახსნისთვის მზად არის, თუმცა უქმეებზე „ჩაკეტვა“ რჩება

შეზღუდვების მოხსნის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დასაშვები გახდეს ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელების ამუშავება, საქონლის გადაცვლა და გარკვეულ ფართობზე მყიდველის დასაშვები რაოდენობის გაზრდა.

ხელისუფლებამ უფრო ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში ინფიცირების დონე 4%-ს ჩამოსცდება, შესაძლებელი იქნება საუბარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე და ეკონომიკის დარგების რაც შეიძლება სწრაფად გახსნაზე.