თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები მოწყობილია ღია სივრცეში, იქ ხალხის უფრო დიდი ნაკადი იყრის თავს ვიდრე მოლებში, ამიტომ ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე არამედ ეპიდსიტუაციაზე. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით 1 თებერვლიდან ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი იხსნება, ხოლო 15 თებერვლიდან – ბაზრობებიც. თუმცა, უქმე დღეებში ისინი არ იმუშავებენ.
მინისტრმა გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები ბაზრობებთან დაკავშირებულ საკითხს გაგებით მოეკიდნენ.
„ჩვენ შევეცადეთ, დეტალურად აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, თუ რატომ არის მთავრობის მხრიდან გახსნის თანმიმდევრულობა დაცული. როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობების და სხვა ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სამინისტრო ბიზნესის საკითხებს ამაზე წინ ვერ დააყენებს. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.