კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა – თენგიზ ცერცვაძე

სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის გასაკეთებლად საქართველოს მოსახლეობის 50-დან 60 პროცენტამდეა მზად.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა და აცრის შიში არ უნდა გვქონდეს.

ცერცვაძეს უკვირს მოსახლეობის, რომელიც, ერთი მხრივ, დაჟინებით მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, ბიზნესის გახსნას, და, მეორე მხრივ, უარს ამბობს ვაქცინაციაზე.

კორონავირუსის ვაქცინაციის გრაფიკი საქართველოს თვის ბოლოს ექნება>>

მისი თქმით, ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მას აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა.

„გამოქვეყნდა შედეგები – ისრაელში, სადაც 2,6 მლნ ადამიანმა უკვე გაიკეთა ვაქცინა, 1,2 მლნ-მა ვაქცინის უკვე მეორე დოზა გაიკეთა, ნახეს, რომ ვაქცინირებულთა შორის მხოლოდ 0,01%-ს დაემართა კოვიდი. ასპროცენტიანი არაფერი არ არის, მაგრამ პრაქტიკულად უზრუნველყოფს დაცვას. სულ დაემართა 20 კაცს და მათაც მსუბუქად“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის აზრით, ქვეყანამ პანდემიის დაწყებიდან ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ახლა საჭიროა პიარ-კამპანია, რათა მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია.

„ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა – ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სურს

მოსახლეობის ვაქცინაციისადმი დამოკიდებულებას ცერცვაძემ საშიში ტენდენცია უწოდა. ახლა ქვეყნის ყველა რესურსი ვაქცინის შოვნისკენაა მიმართული და არის ალბათობა, რომ ეს ძალისხმევა, ადამიანების ასეთი დამოკიდებულების გამო, ფუჭი აღმოჩნდეს.

საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციას დადებითად უყურებს და თანახმაა აიცრას მოსახლეობის 50–60 პროცენტი.

საქართველო თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 ათასი დოზის მიღებას ელოდება, სავარაუდოდ, ეს იქნება Pfizer-ის ვაქცინა (ამერიკულ-გერმანული წარმოების).

ეკონომიკის სრული გახსნისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაცია, რასაც 164 მილიონი ლარი დასჭირდება.

გამყრელიძე: პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია მოსახლეობის 70% აიცრას>>

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ  75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.