თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. დაკავების საფუძველი არ არსებობდა და კარგია რომ გამათავისუფლეს, მე ვგრძნობ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას, განაცხადა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს დატოვების შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მოსამართლემ ასევე სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
მელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი საქმე პოლიტიკურ მოტივებთანაა დაკავშირებული.
„როგორც იქნა მოხდა ის, რომ გამათავისუფლეს, პირველ რიგში ეს საზოგადოებისა და ჩემი ადვოკატების დამსახურებაა. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი... ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი, რათა მსგავს აბსურდულ ბრალდებებს ბოლო მოეღოს“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.