ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კორონავირუსით ინფიცირების გამო კოლეგებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ საუბარი ტელეფონით შედგა
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს ერევნიდან ესტუმრა. ის უკვე იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

რუსეთიდან საქართველოში: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში ელოდებიან

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან  დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველო ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტის გამო მილიონებს კარგავს

საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაიგეგმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. თუმცა სამშაბათს გაირკვა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო ქართველ და ირანელ კოლეგებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ზალკალიანი მიესალმა ირანელი მინისტრის ვიზიტს საქართველოში და მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირადად ვერ უმასპინძლა კოლეგას.

„მინისტრებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდება ამ მიმართულებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

სომხეთი შესაძლოა უახლოეს მომავალში ტრანზიტული ქვეყანა გახდეს

თავის მხრივ, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში კვლავ მიეცემათ შეხვედრის შესაძლებლობა.

ვიზიტის დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე პანდემიას, რომელმაც მნიშვნელოვნად გაართულა ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოს პრეზიდენტმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობა ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.