განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის საკითხი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში იდგა. ვინ დაიკავებს ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. განათლების სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება ერთ სამინისტროში გაერთიანდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი დადგენილება უკვე მომზადებულია.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება, ჩვენი ყოველდღიურობის უძვირფასესი ნაწილია, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენები, რომლებიც, მათი მიღწევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ“, – განაცხადა პრემიერმა. 
საქართველოში შესაძლოა კულტურის და განათლების სამინისტროები კვლავ გაიყოს

როგორც გახარიამ აღნიშნა, ახალ სამინისტროს დაემატება მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდობის სააგენტოც და უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იმუშავებს.

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცალკე გამოეყოფოდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად დაშლის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში იყო. მაშინ ამ საკითხის წამოჭრა კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა მოითხოვეს. ღია წერილში მათ მოუწოდეს პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად გამოყოფილიყო.

როგორც მიმართვაში ხელოვნების მოღვაწეების მიერ იყო განმარტებული, სხვა უწყებებთან კულტურის გაერთიანებამ არსებითად შეამცირა საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობები, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა უწევს.