„ციხეებში კორონავირუსი მძვინვარებს“ – პატიმართა ოჯახები პროტესტს გამოთქვამენ

უფლებადამცველებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდეს.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ქუთაისში სამშაბათს გაიმართა საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს“.

უფლებადამცველები და პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და ვითარების შესამსუბუქებლად საჭიროა სასჯელის ვადის შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება.

ქსნისა და გლდანის ციხეებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა

ადვოკატების თქმით, ციხეები დახურულია და პატიმრებს შეეზღუდათ როგორც ოჯახებთან, ისე ადვოკატებთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ისინი მოითხოვენ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც ციხეებში 11 თვე გაატარეს, და მათთვის სასჯელის შემსუბუქებას.

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ქვეყანაში ათი პენიტენციური დაწესებულების შემოწმება ჩატარდა. ამ ეტაპზე PCR–ტესტი გაუკეთდა 6 654 პატიმარს და აქედან კორონავირუსი 113-ს დაუდასტურდა.

ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ციხეებში ინტენსიური ტესტირების პროცესი თვის ბოლომდე დასრულდება.