თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მტკნარი წყლის აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტები დაეხმარებიან, რომლებიც თბილისში 2021 წლის გაზაფხულზე ჩამოვლენ, იუწყება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ოთხი საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოს აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ზაფხულისთვის წარმოადგენს.
ევროპელ ექსპერტებთან პირველი ონლაინ–შეხვედრა პროექტის „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისთვის“ (VCA4D) ფარგლებში უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა მეთიუ ბრუკმა.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისთვის საჭირო პლატფორმა შექმნეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
პროექტი VCA4D დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura – ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით 35-ზე მეტი წევრი ჰყავს.