თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო, განაცხადა საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ.
როგორც „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართულ ბრიფინგზე სვენტიცკიმ აღნიშნა, 2021–2022 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლებში მიზნობრივ ადგილებზე აბიტურიენტებისა და სტუდენტების შერჩევის კამპანია 20 იანვრიდან დაიწყო.
მისი თქმით, ქართველი სტუდენტებისთის რუსულ განათლებას მრავალი უპირატესობა და პლუსები გააჩნია.
„ვფიქრობ, რომ რუსული განათლება, პირველ რიგში, ძალიან კარგი, ძლიერი და კლასიკურია. რუსეთი ჩვენი მეზობელია და აქ ბევრი პრობლემა იხსნება, რუსეთში ცხოვრება, მაგალითად, საფრანგეთთან შედარებით ხომ გაცილებით იაფია. ამ პროგრამაში მონაწილეობას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ღებულობს – რუსეთში სასწავლებლად ამერიკელები და ინგლისელები ჩამოდიან. ინგლისში შესანიშნავი სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებია, მაგრამ ზოგიერთი რუსეთში მიდის სასწავლად“, – აღნიშნა სვენტიცკიმ.
როგორც მან განმარტა, წელსსაც, ტრადიციულად, ქართველი სტუდენტებისთვის დაახლოებით 120 მიზნობრივი ადგილი გამოიყოფა. კონკურენცია ყოველთვის დიდია – ადგილის მოსაპოვებლად 700–ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის, თუმცა, „ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს“, დასძინა სვენტიცკიმ.
„უნდა ისარგებლოთ ამ შანსით, რადგანაც კარგი განათლების მიღება საკმაოდ ძვირია, თქვენ კი მისი მიღება უფასოდ შეგიძლიათ. ჩვენ ძალზე ბევრი წარმატება გვაქვს, ძალიან ხშირად უმაღლეს შეფასებებს სწორედ ქართველი ახალგაზრდობა იღებს. ისინი, როგორც წესი, საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენენ და ეს აბსოლუტურ პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ნიკოლაი სვენტიცკიმ.
შესარჩევ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ ანკეტა ვებგვერდზე www.education-in-russia.com.
მნიშვნელოვანია, რომ მთელი დოკუმენტაცია რუსულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული იყოს, შემდეგ კი ვებგვერდზე არსებულ ანკეტას თან დაერთოს.
წელს განცხადებების მიღების ვადები მკაცრად შეზღუდულია – პროცესი 20 იანვარს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.