ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

დღეს სტრასბურგში გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია, რომელიც მთელ კვირას გასტანს
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

PACE: საქართველოში ამომრჩეველთა სიებს ენდობიან

უწყების ინფორმაციით, ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

სესიაზე მსჯელობის მთავარი საგანი გლობალური პანდემია და კოვიდ–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იქნება. დელეგატებს სიტყვით მიმართავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

ამასთან, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელიც  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს შეეხება.

PACE უკმაყოფილოა ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირებით

ანგარიშს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსი.

„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, -  განაცხადა კახა კუჭავამ.

სტრასბურგში მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი პარტიიდან არიან ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი. დელეგაციის წევრია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი ფრიდონ ინჯიაც.