რატომ აქვს ბრიტანულ შტამს ლეტალობის მომატებული დონე - ჯანმოს პასუხი

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, კორონავირუსის აღმოჩენილი მუტაცია მანამდე არსებულთან შედარებით 30%-ით უფრო სასიკვდილო და 70%-ით უფრო გადამდებია
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის მიერ ნახსენები კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის სიკვდილიანობის მომატებული დონე შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობას, განაცხადა ჯანმოს საგანგებო დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის უფროსმა მარია ვან კერკჰოვემ. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„თუ თქვენთან იზრდება ვირუსის გადაცემის სისწრაფე, შემთხვევებიც მეტი იქნება. ვიცი, რომ ეს ბანალურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც მეტი შემთხვევაა, ჰოსპიტალიზაციების რიცხვიც იზრდება. სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, იზრდება ლეტალობა“, - განაცხადა ვან კერკჰოვემ ბრიფინგზე.

პარასკევს ჯონსონმა განაცხადა, რომ კორონავირუსის აღმოჩენილი მუტაცია მანამდე არსებულთან შედარებით 30%-ით უფრო სასიკვდილო და 70%-ით უფრო გადამდებია. მისი თქმით, ბრიტანეთში ლოკდაუნის სწრაფ მოხსნაზე საუბარიც კი არ შეიძლება, რადგან ინფიცირების დონე კვლავ ძალიან მაღალია, ხოლო დიდ ქალაქებში საავადმყოფოები პაციენტთა ნაკადს ვერ უმკლავდებიან.

2023 წლამდე კორონავირუსი არსად არ წავა – გაეროს გენმდივნის მრჩევლის პროგნოზი

კორონავირუსის ახალი ვარიანტის - VUI-202012/01-ის შესახებ – 14 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ახალი მუტაცია მეტწილად მოქმედებს ბავშვებზე და მათ მიერ აქტიურად ვრცელდება. ბრიტანელი მედიკოსების თქმით, ახლა ვირუსის ეს ვარიანტი მოსახლეობაში ძირითადი გახდა.

ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი უკვე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ბევრმა ქვეყანამ სამეფოსთან სატრანსპორტო მიმოსვლა გააჩერა. რუსეთმა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება 1 თებერვლამდე გააგრძელა.

ინგლისში იანვრის დასაწყისიდან ეროვნული ლოკდაუნი ამოქმედდა, რიგით მესამე და ისეთივე მკაცრი, როგორც პირველი. ინფიცირების გავრცელების ტემპი თანდათან მცირდება, მაგრამ მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კარანტინი მარტის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო შემზღუდავი ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდეს.