ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად კომენდანტის საათის მოხსნასაც ითხოვენ. ისინი თვლიან, აღნიშნული შეზღუდვა ვირუსის არა შეკავებას, არამედ გავრცელებას ემსახურება.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ბათუმში ფიტნეს-კლუბ „რეფორმერთან“ კლუბის თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შეზღუდვები, რომლებიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სხვა შეზღუდვებთან ერთად იკრძალება სპორტ-დარბაზებისა და აუზების ფუნქციონირება. აღნიშნული დაწესებულებებისი მუშაობის გაგრძელება 1 მარტიდანაც არ არის დაგეგმილი.

ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პროტესტს სხვადასხვა ფორმით პერმანენტულად გააგრძელებენ, 1 თებერვალს კი მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა ფიტნესკლუბი მუშაობას განაახლებს.

„პირველი თებერვლიდან ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვთ, ადამიანებს ეკონომიური საქმიანობის საშუალება უნდა მიეცეთ. მარტო ჩემი ფიტნეს კლუბით ეკონომიკის ბედი არ წყდება, ამიტომ მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სისულელე”, - განაცხადა ფიტნეს-კლუბის მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ.

„ფეხით წაბრძანდით“: თბილისის მერიასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას აპროტესტებენ

მისივე განმარტებით, დაწესებული რეგულაციები ვირუსის გავრცელებასთან კავშირში არ არის და დროში შეზღუდვა მობილობის გაზრდას უწყობს ხელს.

კლუბი „რეფორმერი“ ერთხელ უკვე არ დაემორჩილა დაწესებულ შეზღუდვას და საქმიანობა გააგრძელა, რის გამოც ფიტნეს-ცენტრის ადმინისტრაცია შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

ფიტნეს-ცენტრების, სპორტული დარბაზების და აუზების ფუნქციონირება გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 28 ნოემბრიდან დროებით აიკრძალა.

საქართველოში პირველი თებერვლიდან დაწესებული რეგულაციების ნაწილი იხსნება.