აჭარა შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება

მთავარი აქცენტი გაკეთდება რეკომენდაციების დაცვაზე და ავტონომიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებაზე.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან განიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც ავტონომიაში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გატარდება.

1 თებერვლიდან ბათუმში იწყებს მუშაობას ტრანსპორტი, სკოლები და საბავშვო ბაღები. აჭარაში ასევე იხსნება სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

შეზღუდვები, რომლებიც 1 თებერვლიდან გაუქმდება: სრული ჩამონათვალი

„სამინისტროების ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალებები, რომ 1 თებერვლამდე უზრუნველყონ როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურული რესურსების მზადყოფნა, რათა შევძლოთ მაქსიმალურად ეფექტურად აღვადგინოთ სასწავლო პროცესი სკოლებში, ასევე ბათუმში ამოძრავდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ამუშავდეს... კვების ობიექტები“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, მთავარი აქცენტი გაკეთდება რეკომენდაციების დაცვაზე და სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებაზე.

ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას, ბიზნეს სექტორს და პედაგოგებს მოუწოდა ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც სწრაფი გამოვლენისა და რეაგირების საშუალებას იძლევა. 

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ იმ სფეროს თანამშრომლებისთვის ტესტირების პროტოკოლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც 1 თებერვლიდან იხსნება. სავაჭრო ცენტრის ან კვების ობიექტის თითოეული თანამშრომელი ყოველ ორ კვირაში ტესტირებას გაივლის, იგივე ეხება პედაგოგებსა და ტრანსპორტის მძღოლებს.