ზამთრის კურორტები არ გაიხსნება: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე კურორტებზე მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველო 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენებს ყველა მიმართულებით აღადგენს

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას, ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სასტუმროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.