თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის რიგი მუხლები დაარღვია. ამავე დროს, სასამართლომ ზოგიერთი ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ მოიგო>>
ამავდროულად სასამართლოს დადგენილებაში არ არის მოცემული გადაწყვეტილება ფულადი კომპენსაციის შესახებ – ეს საკითხი სასამართლომ შემდგომი განხილვისთვის დატოვა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი სარჩელის რვა პუნქტიდან ექვსი მართლზომიერად აღიარა: წამებები; არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულება ქართველი ტყვეებისა და სამოქალაქო პირებისადმი; თავისუფლების უფლებისა და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების დარღვევა; ომის დროს საქართველოს მოქალაქეების მკვლელობების არგამოძიება და სხვ.
ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას იმ საკითხში, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე შეიჭრნენ 2008 წლის 7 აგვისტოს.
სასამართლომ 11 ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ მოვლენები საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (2008 წლის 8–12 აგვისტო) არ ხვდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში კონვენციის პირველი მუხლის მიზნისთვის (რომ რუსეთის ფედერაციამ არ განახორციელა ეფექტური კონტროლი) და საჩივრის ეს ნაწილი განხილვისთვის მიუღებლად ცნო.
შესაბამისად, კონვენციის მუხლების დარღვევა ეხება მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ პერიოდს (2008 წლის 12 აგვისტოდან).
რეაქციები
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარები თბილისსა და მოსკოვში მაშინვე გააკეთეს.
„ევროპული სასამართლოს მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. დღევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“, – განაცხადეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
„თითქმის 12–წლიანი განხილვის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაციას არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციით იმ ინციდენტებზე, რომლებიც რუსი სამხედროების ქართული არმიის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმაზე პასუხი იყო 2008 წლის 8–12 აგვისტოს პერიოდში“, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ ასევე არ დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას, თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ანუ ქართველი სამხედროების ცხინვალზე თავდასხმამდე.
რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხაილ გალპერინის თქმით, ქართული მხარე ამ საქმეში „წარუმატებლად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან დროს, არამედ საომარი მოქმედებების პირობებშიც, რაც, ფაქტობრივად, ძირს უთხრის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლებს“.
„შევძელით,დაგვერწმუნებინა ევროპელი მოსამართლეები, რომ რუსული შეიარაღებული ძალების მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8–12 აგვისტოს მათი იურისდიქციის ფარგლებს გარეთაა. ასევე ევროპის სასამართლოს არ დაუდგენია არც ერთი შემთხვევა, რომ რუსმა სამხედროებმა დაარღვიეს სამოქალაქო მოსახლეობის უფლებები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს“, – განაცხადა გალპერინმა, იუწყება რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პრეს–სამსახური.
ამასთან, რუსეთის უწყება არ ეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რიგ დასკვნებს, მათ შორის, რუსულ მხარეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ინციდენტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ.