ზურაბ ადეიშვილს კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანეს

ეს მისი მესამე, დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენია. 2012 წელს საქართველოს დატოვების შემდეგ მან ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სუს-ი შეისწავლის სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს უკრაინული ვებგვერდიდან

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი 2007 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. საპროტესტო აქციების დღეებში, 2007 წლის ნოემბერში მისი გატაცება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა.

2020 წლის დეკემბერში კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში ბეხტერევის დაავადებით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში ადეიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები როგორიცაა ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება.

საქმის მასალებით, როდესაც მასობრივი პროტესტების დარბევის დღეს, 7 ნოემბერს კობა დავითაშვილი თანამოაზრეებთან ერთად ელიავას ბაზრობაზე გენერატორების საყიდლად მივიდა, ქარსელაძე ადეიშვილს დაუკავშირდა. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ დავითაშვილის დაკავების და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისი გადაყვანის დავალება მიიღო.

სპეცრაზმელებმა ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. ორი დღის შემდეგ ნაცემ დავითაშვილს სწორედ გორის ჰოსპიტალში მიაგნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროცესი დაიწყო

კლინიკიდან გაწერის შემდეგ დავითაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელა. 2012 წელს ის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიებით მოხვდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მან კოალიცია დატოვა. 2013 წელს დავითაშვილი კენჭს იყრიდა პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა დამარცხდა. 2016 წლამდე პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებდა.

2017 წლის ივლისში ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინდა, რომელიც რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება. თავად პოლიტიკოსი მის იშვიათ და უკურნებელ დაავადებას 2007 წლის ნოემბერში მიღებულ ტრავმებს უკავშირებდა.

რაც შეეხება ადეიშვილს, ეს მისი მესამე განაჩენია, რომელიც კვლავ დაუსწრებლად არის გამოტანილი. 2012 წელს საქართველოს დატოვების შემდეგ მან ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად ხუთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კიდევ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მას Iberia TV-ს საქმეზე შეეფარდა.