ვისთან და რამდენს ვაჭრობდა საქართველო: გასული წლის შედეგები

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი  და ჩინეთი  არიან.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა>>

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ აშშ დოლარია, რაც 15.9 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

პანდემია და ვაჭრობა: საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ აშშ დოლარი).

საგარეო ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს: „საქსტატის“ მონაცემები>>

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი (1 407.0 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ აშშ დოლარი).

მიწაზე დანარცხება თუ აღმასვლა - რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2021 წელს

2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.2 პროცენტი).