როდის გაიხსნება საქართველოს საჰაერო სივრცე – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

რეგულარული ავიარეისების აღდგენის სავარაუდო თარიღად ნათია თურნავამ თებერვალი დაასახელა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, შესაძლოა, მიმდინარე წლის თებერვლიდან გააუქმოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

საქართველომ რეგულარულ ავიარეისებზე აკრძალვა კვლავ გაახანგრძლივა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან უცხოელებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.

საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო. ამჟამად აკრძალვა 2021 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს.

„კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, თუმცა, სავარაუდოდ, თებერვალი იქნება თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ რეისებზე შეზღუდვებს გავაუქმებთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ქვეყანაში ქაოსურ და უკონტროლო შემოსვლას. პირიქით, ეს მკაცრად გაკონტროლდება – ტესტებით, ვაქცინაციის დამადასტურებელი და სხვა ადეკვატური დოკუმენტებით, თუმცა, ტურისტული სეზონის დაწყებისთვის ეს პირველი იმედია“, – განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აკავშირებს მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და მილანის აეროპორტებთან.

შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება რეგულარულ რეისებზე, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის აეროპორტებს შორის ხორციელდება.