მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანაა ბაზის პერიმეტრის დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველომ ავღანეთში სამხედროების მორიგი როტაცია განახორციელა

მე-13 ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.

მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ.

 მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.