თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. უკანასკნელი თვეების განმავლობაში პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციისა და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარასა და აგრესიას, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარია: „მაყურებლების“ გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ>>
„ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელის შეშლა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.
„აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა“, – ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.
კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობა საქართველოს ციხეებში: ომბუდსმენის სკანდალური ანგარიში>>
როგორც მან აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც, ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. თუმცა, აპარატი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის.
ლომჯარია მიმართავს საქართველოს პროკურატურასაც, რომ დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.
ლომჯარიას განცხადებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.