საქართველოში კომპენსაციის მიმღებ პირთა მონაცემების წარდგენის ვადა იწურება

შემოსავლების სამსახური გადაამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი კომპენსაციის მიღების პირობას და სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ინფორმაციას ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ასევე სამ სამუშაო დღეში ჩარიცხავს კომპენსაციას.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ  200–ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება. 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემა 1 იანვრიდან დაიწყო, თუმცა, ყოველთვიური დახმარების  მისაღებად რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს, რომლის გაცემაც ექვსი თვის მანძილზე მოხდება. 

ერთჯერადი კომპენსაციის მიღების მსურველთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების წარდგენა, ექვსი თვის განმავლობაში ყოველი 20 რიცხვის ჩათვლით, უნდა მოხდეს თვითდასაქმებულის ან დამსაქმებლის მხრიდან ვებ-გვერდზე eservices.rs.ge. ბოლო მონაცემებით, დახმარების მიღების მიზნით უკვე 115 ათასი  განაცხადია დარეგისტრირებული. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.  

შემოსავლების სამსახური: მოგვაწოდეთ ინფორმაცია არაკეთილსინდისიერ კომპანიებზე>>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ  მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე.

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან კომპენსაციას?

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ  ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით კი ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას: დეტალური ინფორმაცია>>>

უწყების ცნობით, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ყველა დოკუმენტს წარმოადგენს დამსაქმებელი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განაცხადს ყოველთვიურად ავსებს.

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.