„შავი ლაქები“: ირანის პრეზიდენტი აშშ-ს პირობას უყენებს

ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა, რომელიც თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, 2015 წელს გაფორმდა, სამი წლის შემდეგ კი აშშ შეთანხმებიდან გავიდა
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თეირანი დაუბრუნდება ბირთვულ გარიგებას, თუ აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იგივეს გააკეთებს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ.

საშიში ნაბიჯები: ირანის ბირთვული პროგრამა გააქტიურდება

მანამდე აშშ–ის სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ თუ თეირანი პირველი დაუბრუნდება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA) შესრულებას, მაშინ ვაშინგტონი მზად იქნება, ასევე დაუბრუნდეს გეგმას, რათა მომავალში უფრო ხანგრძლივ შეთანხმებას მიაღწიოს, რომელიც ასევე მოიცავს თეირანის სარაკეტო პროგრამასაც.

„მათგან, ვინც თეთრ სახლში ხელისუფლებას გადაიბარებს, ველით კანონის, ვალდებულებებისა და ძალისხმევების აღსრულებისკენ დაბრუნებას, თუკი ისინი შეძლებენ მოიშორონ გასული ოთხი წლის შავი ლაქები, რომელთაგან ზოგი მაინც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. ისინი უნდა დაუბრუნდნენ საერთაშორისო ნორმებსა და რეზოლუციებს, მათ შორის, რეზოლუცია 2231–ს (რომელმაც JCPOA მოიწონა, -— რედ.). რაღა თქმა უნდა, თუ ისინი შეთანხმებას დაუბრუნდებიან, ჩვენი პასუხიც დადებითი იქნება“, —  განაცხადა როუჰანიმ მთავრობის სხდომაზე.

ირანის პრეზიდენტის თქმით, თუ აშშ „პრაქტიკაზე“ წარმოაჩენს ამას, ირანი „საკუთარი ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედებს“.

2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს ერთობლივ ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმას, რომელიც თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სამი წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ თეირანმა უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც გამდიდრებული ურანისა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. მოგვიანებით თეირანში განაცხადეს, რომ ურანს იმ დონემდე გაამდიდრებდნენ, რომელიც ქვეყნისთვისაა აუცილებელი.