თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალ ეტაპს გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით იწყებს.
კონსულტაციების მთავარი თემა იქნება მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში.
„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ჯამში ექვსი მანდატი ერგოთ, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.
პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„ჩემი აზრით, ეს არის კარგი ინიციატივა, რომელზეც საუბარი ღირს ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. ამ ინიციატივით ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას გიორგი ვაშაძესთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვინდა თვითმმართველობის არჩევნებს მომზადებული შევხვდეთ – შესაბამისი კანონმდებლობითა და შესაბამისი რეფორმით. ჩვენი მიზანია თბილისსა და სხვა მსხვილ ქალაქებში არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ერთგვარი ტესტი გახდება.
„ეს შეეხება თვითმმართველობის არჩევნების ტესტად გამოყენებას. თუ ეს საკითხი პრინციპულად მისაღები იქნება ოპოზიციისთვის, ტექნიკურად, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება პლებისციტის ნაცვლად ფორმულირების მოძებნა, თუ როგორ შეიძლება შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება და ამით შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განეიტრალება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გასულ კვირაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დაკავშირებით შეთანხმდნენ ორ მოთხოვნაზე: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება 0%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმულირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმება მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.