ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ფოტოგრაფმა მეეზოვეს გლამურული ფოტოსესია მოუწყო და ვალების დაფარვაში დაეხმარა: ფოტო

მამაკაცმა უჩვეულო გზას მიაგნო იმისთვის, რომ ობოლ და უნარშეზღუდულ, ბავშვობისდროინდელ ნაცნობს დახმარებოდა თაღლითების მიერ „აკიდებული“ დიდი საბანკო ვალების დაფარვაში.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მეეზოვეს, რომელსაც თაღლითებმა დიდი საბანკო ვალები აჰკიდეს, ნაცნობი ფოტოგრაფი უჩვეულო გზით დაეხმარა თანხის შეგროვებასა და კრედიტის დაფარვაში.

საუბარია ფოტოგრაფ რომან ფილიპოვზე, რომელმაც თავის ძველ ნაცნობს, მეეზოვე იურას გლამურული ჟურნალების სტილში მოუწყო ფოტოსესია და 650 ათასი რუბლის შეგროვებაში დაეხმარა. 

ფილიპოვმა 16 იანვარს ატვირთა საკუთარ Instagram-ზე „მოდელის“ ფოტოები და ამასთან ხელმომწერებს მისი ისტორიაც უამბო.

ირკვევა, რომ იურასა და რომანს ერთმანეთი ბავშვობაში გაუცვნიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა ბანაკში, სადაც ფილიპოვის დედა მუშაობდა. წლების შემდეგ იურა, რომელსაც ჯანმრთელობის მენტალური პრობლემები ჰქონდა, მეეზოვედ მოეწყო. ის შემთხვევით შეხვდა ქუჩაში ფილიპოვის დედას და გამოელაპარაკა. ქალმა ის შინ მიიწვია და იმ დღიდან ობოლ და ბავშვთა სახლში გაზრდილ მეეზოვეზე „შეფობა“ აიღო — მისი მეურვე გახდა.

სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა მაინც შეძლეს იურას მოტყუება და სხვადასხვა ბანკებიდან კრედიტები ააღებინეს, რის შედეგადაც მეეზოვეს უზარმაზარი ვალი დაედო — 650 ათასი რუბლი.

იურას ისტორიისთვის ყურადღების მისაქცევად და დასახმარებლად რომან ფილიპოვმა მას ფოტოსესია მოუწყო: ფოტოების ერთ ნაწილზე ის მეეზოვის ფორმაშია აღბეჭდილი, ხოლო მეორეზე — გლამურული მამაკაცის სამოსში, აქსესუარებსა და მოდურ ვარცხნილობაში. სურათებს ფილიპოვმა იურას საბანკო დავალიანების დოკუმენტაცია და მისი რეკვიზიტებიც დაურთო და მსურველებს დახმარება სთხოვა.

ფილიპოვმა ვიდეოზე აღბეჭდა, თუ როგორ რიცხავს თანხას შესაბამის ბანკებში და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც  ფულის შეგროვებაში მონაწილეობა მიიღო.

 

ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსებირუსეთიახალი ამბებისაზოგადოებასაქართველო