„ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარეშე: ახალი პოლიტსაბჭო და ყრილობა აქციის ფონზე

ამჟამად პარტიას უხელმძღვანელებს კობახიძე, მაგრამ მისი მართვა მოუწევს ყველაზე საიმედო დასაყრდენის - ბოლო 10 წლის მთავარი პოლიტიკური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
Sputnik

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ შაბათს გამართა პირველი ყრილობა თავისი დამფუძნებლის - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გარეშე და ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო აირჩია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტიის თავმჯდომარე გახდა ირაკლი კობახიძე, რომელის პარტიის დაარსებიდან მისი აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა და ასევე ყველა არჩევნებზე პარტიის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

კობახიძის პერსონა არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. 2016-2019 წლებში ის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და 2019 წლის ივნისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ირგვლივ სკანდალის გამო სწორედ მისი გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე წელიწადნახევარი გრძელდება.

თუმცა კობახიძემ შემდგომში დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, კრიზისი გაგრძელდა. ის თავად გახდა ოპოზიციის მოქმედებების მთავარი კრიტიკოსი და ხშირად გამოთქმების არ ერიდებოდა.

ამჟამად კობახიძე უხელმძღვანელებს პარტიას, მაგრამ მისი მართვა მოუწევს ყველაზე საიმედო მხარდაჭერის - ბოლო 10 წლის მთავარი პოლიტიკური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე.

ის არამხოლოდ პოლიტიკიდან წავიდა, მან პირობა დადო, რომ აღარ დაეხმარება პარტიას და მის ლიდერებს კონსულტაციებით და წინასაარჩევნო მხარდაჭერით საჯარო გამოსვლებში.

ქართულ ოპოზიციას ივანიშვილის გულწრფელობის არ სჯერა: ვერსიები და ვარაუდები

ახალმა თავმჯდომარემ უკვე აღიარა ჟურნალისტებთან, რომ პარტიის დამფუძნებლის გარეშე რთული იქნება.

„გამოწვევა არის სერიოზული, როდესაც ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას და ტოვებს პოლიტიკურ გუნდს. მაგრამ ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ახალი გუნდი

ივანიშვილის წასვლასთან ერთად  პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც შეიცვალა. ახლა ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სიმბიოზს წარმოადგენს. ამასთან, 12-ის ნაცვლად, მასში ახლა 20 ადამიანია.

აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პოლიტიკურ საბჭოში აღმოჩნდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინა ტიკარაძე და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. პოლიტსაბჭოში ასევე არიან თბილისის მერი კახა კალაძე და აჭარის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე.

ბიძინა ივანიშვილი: ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, პოლიტსაბჭოში შევიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატები თეა წულუკიანი, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ და დიმიტრი სამხარაძეები და სოზარ სუბარი.

„სხვადასხვა კრიტერიუმი იყო გამოყენებული, პირველ რიგში, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ბუნებრივია, წარმოდგენილი არიან პარტიის პოლიტსაბჭოში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბალანსი, მთავრობასა და პარლამენტს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

ყრილობის მოულოდნელი სიურპრიზი

ყრილობას მოულოდნელობის გარეშე არ ჩაუვლია. „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდა პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ დაიკავა.

ოპოზიცია მას ივანიშვილთან დაახლოებულ პირად მიიჩნევს. როდესაც მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ტელეკომპანია GDS-ი დააარსა, მისი საინფორმაციო ნაწილის ხელმძღვანელობა სწორედ მაღლაფერიძეს ანდეს.

„ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს უპასუხოს ღირსეულად. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქციაა თავმჯდომარისთვის ხელის შეწყობა, პარტიის მუშაობის ორგანიზება, სტრუქტურების გაძლიერება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ“,– განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ყრილობა აქციის ფონზე

ყრილობა ინციდენტების ფონზე გაიმართა. EXPO GEORGIA-ს საგამოფენო კომპლექსთან, სადაც ყრილობა იმართებოდა, პარტიის ყველა წარმომადგენელი ყრილობაზე სამოქალაქო აქტივისტების აქციის გავლით შევიდა.

თბილისში ხმაურიანი აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ყრილობის წინააღმდეგ - ვიდეო

აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების მესამედ შენარჩუნება შეძლო, გაყალბებულია.

მათ რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა და კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა აქტივისტებს ხელი შეუშალა პოლიციამ, რომელიც ყველა შესასვლელს იცავდა.

აქციაზე პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის შედეგად, დაკავებულია ცხრა ადამიანი. მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.