თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 70-100 კმ (ხაიში–ლახამულა) და 182-186 კმ (კალა–უშგული) მონაკვეთებზე.
გზის სახიფათო მონაკვეთებზე შეზღუდვების დაცვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 და 16 იანვარს მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.