საფრანგეთში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს საელჩო საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია – ექსპერტების ახალი პროგნოზები

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 16 იანვრიდან მინიმუმ 15 დღით კომენდანტის საათი 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.

18 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლისას სავალდებულო ხდება 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, 7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს – განმეორებითი PCR–ტესტის გაკეთება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2,8 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 69 ათასზე მეტი ადამიანი.