თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განმახორციელებელია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ამის შესახებ სააგენტოს Facebook-გვერდზეა ნათქვამი.
პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას:
- შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (worknet.gov.ge) განვითარება;
- შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
- საშუამავლო მომსახურების გაწევა/განვითარება;
- პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
- მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება;
- დასაქმების ფორუმების მოწყობა;
- შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით თვისობრივი კვლევის განხორციელება და მონიტორინგი;
- მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლების მიზნით დასაქმების თემებზე ტრენინგ/სემინარების ორგანიზება;
- შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 770 ათასი ლარით.
საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირების მიზნით 2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობა დაიწყო ცალკე უწყებამ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ. სააგენტო შუამავლის როლს ასრულებს დასაქმების მსურველსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამუშაოს მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ამ ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.