თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე რუსული ვაქცინა უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ.
უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც შექმნილია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩუმაკოვის სახელობის ფედერალურ სამეცნიერო–კვლევით ცენტრში. ანა პოპოვას თქმით, წინასწარი კლინიკური ცდები „ძალიან კარგია და თვალსაჩინოა“.
ამგვარად, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაზე უკვე სამი ეფექტური ვაქცინაა შემუშავებული.
„მეორე ასეთი ქვეყანა მსოფლიოში არ არის, სადაც საკუთარი ვაქცინები გამოავლინეს – გარდა იმისა, რომ შექმნეს ლაბორატორიაში, წარმოების შესაძლებლობაც მისცეს. ეს უიშვიათესი, უნიკალური შემთხვევაა“, – აღნიშნა პოპოვამ.
ჩუმაკოვის ცენტრის ვაქცინა, მსოფლიოში რეგისტრირებული სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, არის პირველი თაობის ვაქცინა (ვირიონული), ანუ შეიცავს მთლიან, დაუნაწევრებელ, მაგრამ მოკლულ SARS-CoV-2 ვირუსს და არა მის ნაწილს.
როგორც ცნობილია, რუსეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა – „სპუტნიკ V“, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი, და „როსპოტრებნადზორის“ ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრ „ვექტორის“ მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსკოვში მასობრივი ვაქცინაცია 5 დეკემბერს დაიწყო, რუსეთის სხვა რეგიონებში – 15 დეკემბერს.