პანდემია და ვაჭრობა: საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა

2020 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 14,8%-ით შემცირდა და 11,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს ექსპორტზე 3,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 12%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

2020 წელს იმპორტმა დაახლოებით 8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს

მაჩვენებელიმოცულობა/მლნ დოლარივარდნა/%
ექსპორტი3 342-12,0
იმპორტი8 006-15,9
სულ11 348-14,8

2020 წელს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2019 წელთან შედარებით, 14,8%-ით შემცირდა და 11,3 მილიარდ დოლარს გაუტოლდა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე).

როდის გაუმჯობესდება სიტუაცია ვაჭრობის კუთხით?

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა – ზარალდებიან სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასვენებისა და გართობის სფერო, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშაა საფინანსო სექტორი, მშენებლობის, უძრავი ქონების, წარმოების და განათლების სფეროები.

მიწაზე დანარცხება თუ აღმასვლა - რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2021 წელს

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ საგარეო ვაჭრობაში ვითარება 2021 წლის მაისი–ივნისამდე არ გაუმჯობესდება. 

„ერთადერთი, რამაც დადებითად იმოქმედა ექსპორტზე, ეს ხილის უცხოეთში გატანაა. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მონაცემები ლარის კურსზე, ვიტყოდი, რომ ყოველივე ეს მაინც ნეგატიურად მოქმედებს, რადგანაც უარყოფითი სალდო წლების განმავლობაში გრძელდება. ხოლო ექსპორტის თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სახის დადებით დინამიკას, რომ ექსპორტი 2021 წლის ზაფხულამდე მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ შენგელიამ.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები გაიზარდა

მისი თქმით, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობამ ეკონომიკა სამი მიმართულებით სწრაფად და რევოლუციური გზით უნდა განავითაროს.

„პირველი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, მეორე – ბიოფარმაცევტული ბაზრის განვითარება, მესამე და მთავარი კი ქვეყანაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება და ექსპორტზე საბოლოო სახით გატანაა“, – განაცხადა შენგელიამ და აღნიშნა, რომ ყველა ჩამოთვლილ მიმართულებაზე იაფი კრედიტებია საჭირო.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის განხორციელებაც პუნქტობრივად მოხდება.