დღეს გვსურს მოგითხროთ ადამიანზე, რომელიც ერთგვარი ხიდია ძველსა და ახალ თაობას შორის, რადგან რაჭაში არაერთი ტრადიცია სწორედ მისი მეშვეობით აღდგა. ეს გახლავთ ონელი საზოგადო მოღვაწე, კულტურის სფეროს გამორჩეული წარმომადგენელი ირემა ჯაფარიძე. იგი შალვა ჯაფარიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლების „რაჭა“ და „ბიჭუნეები“ ხელმძღვანელია. მამის დაწყებულ საქმეს დღემდე ღირსებით აგრძელებს და პატარებს საქართველოს სიყვარულს რაჭული სიმღერებით ასწავლის...
მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა და პრობლემებისა, რაც დღევანდელობას ახლავს, ანსამბლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ და ფოლკლორულ ფესტივალებსა და სახალხო დღესასწაულებზე წარმატებით გამოდიან.
- ქალბატონო ირემა, „ბიჭუნეების“ სახით რაჭაში თქვენ აგრძელებთ ტრადიციას, რომელსაც თქვენმა მამამ ჩაუყარა საფუძველი...
- ორი სიტყვით ძნელია ისაუბრო ისეთ ადამიანზე, როგორიც მამაჩემი, შალვა ჯაფარიძე იყო. ის თავის თავში ძალიან ბევრ ნიჭსა და ადამიანურ ღირსებას იტევდა. პირველ ყოვლისა, ის იყო დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ხელოვნების ყველა სფეროს მართვა ხელეწიფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ონის რაიონში კულტურული ცხოვრება ყვაოდა. ასევე თეატრის, კინოსა და მუსიკის ტრფიალი გახლდათ. რაჭა მიგრაციული ზონაა და მამამ დაინახა, როგორ ცარიელდებოდა სოფლები თანდათან და უძველესი ხალხური ნიმუშები ყოფიდან ქრებოდა. ამიტომ მან სოფლებში ექსპედიციების მოწყობა და ხალხური სიმღერის ნიმუშების აუდიოფირზე ჩაწერა დაიწყო. ამასთან ერთად პოეზიის ნიმუშებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასაც შეუდგა.
- არა მარტო აგროვებდა, ამ უნიკალურ მასალას აცოცხლებდა კიდეც...
- დიახ, ეს შეგროვილი მარგალიტები მან თავის ანსამბლ „ბუბაში“ გააცოცხლა და ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანა, რითიც ისინი კიდევ უფრო პოპულარული გახადა ქვეყნის მასშტაბით. მაშინ გადაუდებელმა საჭიროებამ ახალგაზრდა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის შექმნაც მოითხოვა. შალვა ჯაფარიძემ ასეთ ანსამბლს რაჭულად „ბიჭუნეები“ უწოდა. დღეს ანსამბლი, რომელიც აგერ უკვე მეშვიდე თაობას ითვლის, უკვე მთელ საქართველოშია ცნობილი. ოლიმპიადებსა და ფესტივალებზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული.
- ეს ანსამბლი თქვენი დამხარებით თავის სახეს დღემდე ინარჩუნებს, ფოლკლორული ნიმუშების აღდგენაზეც თუ მუშაობთ?
- მამის გარდაცვალების შემდეგ წილად მხვდა პატივი და ამასთან დიდი ტვირთიც, რომ ამ ორი ანსამბლის ხელმძღვანელი გავმხდარიყავი. ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ შალვასეული სიმღერის მანერა და ხასიათი, რაც ორივე ანსამბლს ასე გამორჩეულს ხდის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით გამოვეცით საიუბილეო აუდიო ალბომი, სადაც ანსამბლ „რაჭის“ ძველი და ახლანდელი ჩანაწერები შევიდა. რა თქმა უნდა, პარალელურად ვაგრძელებ უძველესი ფოლკლორული ნიმუშების აღდგენაზე მუშაობას და უკვე არაერთ ხალხურ სიმღერას დავუბრუნეთ სიცოცხლე.
- რამდენადაც ვიცი, თქვენ ასევე საქმიანობთ სალოტბარო სკოლაშიც, სადაც ახალი თაობა ფოლკოლორის გამორჩეულ ნიმუშებს უსასყიდლოდ ეუფლება...
- დიახ, რამდენიმე წელია, რაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაფუძნებულ სალოტბარო სკოლაში რაჭული ხალხური სიმღერის ლოტბარი გახლავართ. აქ ჩვენი ახალგაზრდები უსასყიდლოდ ეცნობიან და ეუფლებიან ქართული ხალხური მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშებს. ამ სკოლის მისიაა მომავალმა თაობამ შეისწავლოს, შეიყვაროს, ყოფაში დაამკვიდროს უნიკალური ნიმუშები და ისინი მომავალ თაობებს გადასცეს. მოკლედ, ძალას არ ვიშურებთ, რომ ხალხური შემოქმედება გადავარჩინოთ. იმედია, ჩვენი ცდა და შრომა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.
- დღეს ძველით ახალი წელია, შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორი იყო თქვენი ბავშვობის ახალი წელი, რა ხდებოდა ამ დროს თქვენს ოჯახში?
- ჩვენი ბავშვობის ახალი წელი ნამდვილი დღესასწაული იყო. მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ახალი წელი ბედნიერებით სავსე ყოფილიყო. ამ დღეს ტრადიციულად დიდი ნაძვის ხით და დედაჩემის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით ვხვდებოდით. ახალი წლის შემოსვლამდე ერთი დღით ადრე ნაძვის ხის მორთვის რიტუალში მთელი ოჯახი ვიღებდით მონაწილეობას. ჯერ ბავშვები ვიწყებდით მორთვას და საბოლოოდ ნაძვის ხეს დედა შეალამაზებდა. მამის წყალობით ის კადრები შემონახული გვაქვს, თუ როგორ ვრთავთ და შემდეგ ნაძვის ხის გარშემო უფროსებთან ერთად როგორ ვმხიარულობთ.
- რაიმე საახალწლო ტრადიცია ხომ არ გქონდათ?
- როცა 12 საათი შესრულდებოდა, ერთმანეთს გადავკოცნიდით, მამა ყველას გოზინაყის პატარა ნაჭერს მოგვაწვდიდა, რომ მთელი წლის განმავლობაში სიტკბო დაგვბედებოდა. რაღა თქმა უნდა, „ასლანურ მრავალჟამიერსაც“ დავაგუგუნებდით ხოლმე. მაშინ უკვე მოზრდილები ვიყავით, როცა ერთხელ მამა ახალი წლის შემოლოცვამდე რამდენიმე წუთით ადრე ოთახიდან გავიდა. 12 საათს წამები აკლდა, უკანა კარიდან რომ დააკაკუნა და ჩოხაში გამოწყობილი და ტკბილეულით სავსე ხონჩით გამოგვეცხადა. ეს მომენტი დღემდე თვალწინ მიდგას... მამის გარდაცვალების შემდეგ ახალი წელიც გაუფერულდა, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც მას გაუხარდებოდა.
- ქალბატონო ირემა, რა აკლია დღეს რაჭას?
- სამწუხაროდ, რაჭას დღეს ადამიანები აკლია. ამ კუთხიდან ყოველთვის გაედინებოდა ინტელექტუალური თაობები და ეს შეუქცევადი პროცესია. დაცარიელებული რაჭა უმძიმესი სანახავია და ეს ყველა სფეროში მძაფრად იგრძნობა. ვფიქრობ, რომ მიგრაცია უმთავრეს საზრუნავად უნდა იქცეს ჩვენი კუთხისთვის.
- და თავად ადამიანებს რა დააკლდათ?
- ვფიქრობ, დღეს ბევრმა არ იცის სინამდვილეში რა არის სიყვარული და რა ძალა აქვს მას, ამიტომაც უჭირს კაცობრიობას სულიერად. ცხოვრებაში მთავარი სიყვარულის ნიჭია, რადგან „ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია“. სიყვარულის გარეშე სამყაროში არაფერი იქმნება ღირებული. ასე რომ, სიყვარულით სავსე წელს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ჩემს ულამაზეს რაჭას!..