გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს შეიძლება ამნისტია შეეხოს

ზოგიერთი მუხლის შემთხვევაში იმისათვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ამოქმედდეს, საჭიროა დაზარალებულმა მხარემ სასამართლოს წინაშე განაცხადოს თანხმობა.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს — საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს შეიძლება ამნისტია შეეხოს, თუ დაზარალებული მხარე თანახმა იქნება.

გიორგი შაქარაშვილის საქმის სამი ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

საქართველოს პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც 1,5 ათასზე მეტი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. სასამართლოები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გადახედავენ თითოეული ამნისტირებულის საქმეს.

მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და, დაზარალებული მხარის თანხმობით, დაკავებულები 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა სრულწლოვანი პირიდან ხსენებული სამი პირი ბრალდებულია ძალადობაში (აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდი), ასევე უმნიშვნელო ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენებაში, ხოლო დანარჩენებს ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

„როგორც ცნობილია, სამი ადამიანის საქმე, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში და ასევე ჯანმრთელობისთვის განზრახ უმნიშვნელო ზიანის მიყენებაში ედებათ ბრალი, ცალკე წარმოებაში გამოიყო წინა სხდომაზე. რაც შეეეხება ამნისტიას, მიღებული კანონი ვრცელდება ყველა მუხლზე, რომლებითაც აღნიშნულ პირებს ედებათ ბრალი. მაგრამ ამ შემთხვევაში კანონში არის ერთი პირობა — იმისათვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი მოქმედებაში მოვიდეს, დაზარალებულებმა სასამართლოს წინაშე უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია“, — განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა სასამართლოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

მომდევნო სხდომა 21 იანვრისთვისაა ჩანიშნული.

დღეისათვის შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად არის დაყოფილი: მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბების ეპიზოდები არასრულწლოვანთა მონაწილეობით (მათ მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილია), ჩხუბების სამი ეპიზოდი სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ ფეხბურთელის მკვლელობა.

საქმეზე სულ 17 ადამიანის დაკავება მოხდა. უშუალოდ მკვლელობის ნაწილში 17-დან ხუთი ბრალდებული ფიგურირებს, აქედან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, მათ შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო.