თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ავარია გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, რომლის დროსაც 17 წლის მოზარდი დაიღუპა, არა უბრალოდ ავტოსაგზაო შემთხვევა, არამედ შურისძიების გამო მოწყობილი ინციდენტია, ამის შესახებ ოთხშაბათს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა.
თავდაპირველად ყველაფერი ჩვეულებრივ უბედურ შემთხვევას ჰგავდა. 2020 წლის 21 დეკემბერს ცოტნე აღდგომელაძე თავისი მოპედით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი შუახნის ნასვამი მამაკაცი იყო. აღდგომელაძე ავარიის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
ავტოავარიაში დამნაშავე მეორე დღეს დააკავეს და ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და განსაცდელში მიტოვების მუხლებით წაუყენეს. მამაკაცს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურამ შეძლო დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და დამტკიცება, რომ ბრალდებულმა შურისძიების გამო განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.
გამოძიების ვერსიით, ფოლადაანთკარში 21 დეკემბერს ბრალდებულსა და დაღუპულის ბიძას შორის ჩხუბი მოხდა. ახალგაზრდა მათ დაშოშმინებას ცდილობდა. ბრალდებული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
იყალთოში ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა – მძღოლი მიიმალა>>
ბიძამ თავის დისშვილს უთხრა, სახლში წასულიყო და ისიც თავისი მოპედით წავიდა. ბრალდებული ახალგაზრდას გაეკიდა თავისი ავტომობილით, დაეწია და მაღალი სიჩქარით დაეჯახა. მიღებული ტრავმებით მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
ახლა დაკავებულს დაუმძიმდა ბრალდება და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება.