თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის ერთ-ერთი ბოლო ალბომი iTunes-სა და Amazon-ზე გადმოწერების მხრივ აბსოლუტური ლიდერი გახდა. ამის შესახებ თავად პიანისტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
„როგორც ბეთჰოვენი" - გერმანიაში ხატია ბუნიათიშვილი დიდ კომპოზიტორს შეადარეს>>
ალბომი სახელწოდებით „ლაბირინთი“ (Labyrinth) 2020 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. მსმენელს ამ ალბომში შეუძლია დატკბეს ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული კომპოზიციებით სკარლატიდან მორიკონემდე, ბახიდან გლასამდე. ალბომი პარიზის ფილარმონიაში ჩაიწერა.
- „ლაბირინთი – ჩვენი ბედი და ქმნილებაა; ჩვენი ჩიხი და გათავისუფლება; ცხოვრებისა და გრძნობების პოლიფონია“, – ასე დაწერა პიანისტმა ალბომის შესახებ.
ბუნიათიშვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი სცენა აქვს დაპყრობილი.
ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.
კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე პირველი პრიზი მიიღო. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია და EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.
ხატია ბუნიათიშვილი 2020 წელს ცნობილი ბრენდის Cartier-ის ამბასადორი გახდა.