დანაშაულთან ბრძოლა და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა: გენპროკურორის ანგარიში

ოჯახური ძალადობა, კორუფცია, ნარკოდანაშაული, ფულის გათეთრება – ის დანაშაულებია, რომლებიც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თავისი უწყების საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაასახელა.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. 2020 წელს სისხლის სამართლებრივი დანაშაულების რაოდენობა 18,3%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით და საერთო რაოდენობამ 15,6 ათასი შეადგინა, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე უწყების 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

პანდემიის მიუხედავად საქართველოს პროკურატურა დატვირთული იყო საქმეებით, აღნიშნა მან. 2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად ხორციელდებოდა ისეთი დანაშაულების მიმართ, რომლებსაც ეხება მუხლები „საფრთხე“, „ოჯახური ძალადობა“ და „ქურდობა“.

საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევები არ მცირდება

შარშან ოჯახური ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 4 633 ადამიანი, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.

შოთაძის თქმით, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის პროკურატურისთვის პრიორიტეტულია, რაც გამოიხატება სამართალდამცველ ორგანოებში მსხვერპლთა გახშირებული მომართვიანობით და სისხლის სამართლებრივი დევნის მაღალი მაჩვენებლებით.

შოთაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც ოჯახურ ძალადობაში არიან ბრალდებული და უარს ამბობს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე ქალთა მიმართ ძალადობაში დამნაშავე პირთა მიმართ.

შარშან გაიზარდა პროკურორთა მიმართვები სასამართლოში ასეთ დამნაშავეთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

უწყებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებად შოთაძემ დაასახელა ასევე მართლმსაჯულება არასრულწლოვნების მიმართ.

საქართველოში „ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა

მისი თქმით, ბოლო წლებში უწყებამ არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის დასანერგად, რომელიც ორიენტირებული იქნება არასრულწლოვანთა ინტერესებზე და მათ კეთილდღეობაზე.

სასჯელი ნარკოდანაშაულისთვის

2020 წელს საქართველოს პროკურატურამ შსს-სთან ერთად აქტიური ბრძოლა გააჩაღა ნარკოდანაშაულთან.

პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, პირველ რიგში, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.

შოთაძის ინფორმაციით, 2020 წელს 71-დან 70 ნარკორეალიზატორის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვეს და გამოიყენეს თავისუფლების აღკვეთა.

„ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა გამოვლენაზე. განსაკუთრებით აქტუალური იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის ისეთი ახალი სქემების გამოვლენა, როგორიცაა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ონლაინ ვაჭრობა. ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად 2020 წელს გამოვლინდა 16 ნარკომოვაჭრე და 13 ე.წ. ინტერნეტ მაღაზია“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

შოთაძემ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან ეს სფერო შესწავლის საგანი იყო. 2020 წელს განსაკუთრებით მსხვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 854 848 ლარის ფულადი–უძრავი ქონების კონფისკაცია განხორციელდა.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - პოლიციამ ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავა>>

ნარკოტრანზიტთან ბრძოლისას გასულ წელს გამოვლინდა ასევე 110 კილოგრამი ჰეროინის საერთაშორისო ტრანზიტის ფაქტი.

ციფრული პროდუქტების დანერგვა

გასული წელი პროკურატურისთვის წარმატებული იყო სხვადასხვა ციფრული პროდუქტისა და ანალიტიკური კვლევის დანერგვის თვალსაზრისითაც. საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სსიპ ელექტრონული მმართველობის სააგენტოს ერთობლივი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმისწარმოების ახალი ელექტრონულ სისტემა, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან ეტაპობრივად ჩაირთო და ამჟამად უკვე მოქმედებს საქართველოს პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სხვა სამართალდამცველი ორგანოების საგამოძიებო დანაყოფებში.

დანაშაული საქართველოში: შსს-ს მონაცემები

ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვას შოთაძემ გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად წარმოების მიმართულებით გადადგმული ინოვაციური ნაბიჯი უწოდა.

გენერალურმა პროკურორმა ანალიტიკურ პორტალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია ანალიზის, სახელმძღვანელოების, რეკომენდაციებისა და კვლევების შესახებ. ანალიტიკური პროგრამული სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას თანამშრომელთა დატვირთვის მონიტორინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს.

ხელოვნური ინტელექტი გამოძიების პროცესში

ანგარიშის პრეზენტაციისას აღინიშნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით IBM I2 ციფრული ანალიტიკური პროგრამის წარმატებით დანერგვის თაობაზეც. ეს პროგრამა სამართალდამცველ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ საგამოძიებო ანალიზი, ამოიცნონ საჭიროებები, ხელი შეუწყონ უწყებათა თანამშრომლობას.

IBM I2 მომხმარებელს საბანკო, სატელეფონო ამონაწერებისა და სხვა ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატით პროგრამაში ინტეგრირების საშუალებას აძლევს.

რაში სჭირდება საქართველოს ხელოვნური ინტელექტი>>

„IBM I2 წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება დანაშაულის პრევენციისა და დროულად გამოძიებისთვის. აღნიშნული პროგრამა შექმნილია ნატოს წევრი ქვეყნების ხელშეწყობით და აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულის, თაღლითობის და სხვა კომპლექსური ხასიათის დანაშაულის გამოძიების პროცესში“, – განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ.

საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით

აბულაძემ ხაზი გაუსვა, რომ პროგრამა პროკურორებსა და გამომძიებლებს ეხმარება დროული საგამოძიებო და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებასა და მოკლე დროში ეფექტური შედეგების მიღწევაში.

კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტებს შორის

კორუფციის აღკვეთა, გამოვლენა და მასთან ბრძოლა – საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უწყებაში შექმნილია სპეციალიზებული საგამოძიებო დანაყოფი – კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო.

კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას აგრეთვე ახორციელებენ პროკურატურის ცენტრალური და რეგიონული საგამოძიებო დანაყოფები.

ბაკურ აბულაძის განცხადებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში 2020 წელს საქართველოს პროკურატურაში კორუფციასთან დაკავშირებულ 169 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 67 პირის მიმართ. 2020 წელს კი სასამართლო განაჩენი დადგა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 58 პირის მიმართ.

აშშ-ის საელჩო სუსის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის კორუფციაზე სასწავლო კურსს ატარებს>>

აბულაძის თქმით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედი ანტიკორუფციული საგამოძიებო დანაყოფები საქმიანობას ერთი სტრუქტურული ქოლგის ქვეშ განახორციელებენ. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება პროკურატურის ყველა საგამოძიებო დანაყოფში და მათი კოორდინირებული მართვა ცენტრალიზებულად განხორციელდება.

აბულაძემ მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა ასევე ფულის გათეთრებასთან ბრძოლა და აღნიშნა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისას იზრდება დანაშაულებრივ საქმიანობაში იურიდიული პირების გამოყენებისა და ჩათრევის შემთხვევები. 2020 წელს უკანონო შემოსავლების გათეთრებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 21 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი.