ბიძინა ივანიშვილის არჩევანი: წასვლა-არწასვლა – საკითხავი, აი, ეს არის

ერთ რამეზე ვერავინ დავობს – ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რეალურად დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და დიდი სიყვარულითა და მხარდაჭერით მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში.
Sputnik

ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედი პატარა საქართველოს დიდ ისტორიაში და კიდევ ბევრი წელი გაივლის, სანამ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ძნელი სათქმელია, რომ ის პოლიტიკაში ისევე წარმატებით გაუმკლავდა საქართველოს პრობლემებს, როგორც ქველმოქმედებასა და ბიზნესში, მაგრამ საქართველოს ამ მხრივაც აქვს გარკვეული მიღწევები იმ 8 წლის განმავლობაში, რაც ის ქვეყანას ხან ფორმალურად მართავდა და ხანაც – არაფორმალურად. თუნდაც ის, რომ ქვეყანას ომის საფრთხე მართლაც არ დამუქრებია; ნელ-ნელა წინ მივიწევთ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით...

მართლაც წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ პოლიტიკიდან? ამ კითხვაზე ყველას ისეთი პასუხი აქვს, როგორც ხედავს და როგორც ხელს აძლევს. სულ ბოლოს მოგახსენებთ, რას ვფიქრობ პირადად მე, მანამდე კი, მოდით, სხვადასხვა წრეების ვერსიები მიმოვიხილოთ.

რა შეცვალა განვლილმა არჩევნებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რისთვის ემზადება ოპოზიცია

ვერსია N1 - ამ ვერსიას აქტიურად ავითარებენ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მათი მიმდევრები - რომ ბიძინა ივანიშვილი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ის ხვდებოდა ტრამპის სიძეს - კუშნერს და რადგან აშშ-ში საარჩევნო პროცესებში რუსეთის გავლენა და არეულობის მცდელობა შეინიშნება, ბაიდენის ადმინისტრაცია მას ანგარიშებს დაუბლოკავს, და მოსალოდნელი სანქციების შიშით ივანიშვილი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდანო. ამ ვერსიას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე. კერძოდ ის, რომ რამდენიმე დეპუტატი უკვე ღიად აცხადებს, მათ შორის უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე უთქვამს ევროპელი ელჩებისთვის, მივდივარო. მეორეც - თუ ივანიშვილი საბოლოოდ აპირებს პოლიტიკიდან დისტანცირებას, ალბათ მალე მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება, რადგან მთავრობის წევრები არც თანამოაზრეები არიან და არც ერთი გუნდის წევრები. ვნახოთ ამ მხრივ როგორ განვითარდება მოვლენები.

პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი და დედა-შვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები

ვერსია N2 - მართლაც ძნელია ადამიანმა იმდენი ბრალდება და სისულელე აიტანო, რისი მოსმენა და ატანაც ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს უხდებოდა. ამის შესახებ მან აღნიშნა კიდეც გამოსამშვიდობებელ ეპისტოლეში. შესაბამისად, მართლაც აქვს 65 წლის მილიარდერ ადამიანს იმის უფლება, დრო უფრო საინტერესო საქმიანობას მოახმაროს, ვიდრე ქართველი პოლიტექსპერტების დასკვნების მოსმენაა. 21-ე საუკუნეა, ადამიანები კოსმოსზე და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის პერიპეტიებზე მსჯელობენ. ივანიშვილი თვლის, რომ ყველაფერი, რაც შეეძლო, მისცა სამშობლოს, მათ შორის დენდროლოგიური პარკისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სახით და ახლა გზას ახალგაზრდებს უთმობს. ამ ვერსიაში არის ლოგიკაც, სიმართლეც და, რაც მთავარია, სწორედ ასე ახსნა მან თავისი წასვლა.

გადამწყვეტი ბრძოლა პარლამენტისთვის...

ვერსია N3 - „ქართული ოცნების“ პოპულარობა შემცირდა, პარტიამ დიდი ვაივაგლახით მოიგო არჩევნები. ივანიშვილი ბიზნესმენია, რომელმაც იცის, რომ სააქციო პაკეტის 51 პროცენტს უნდა ფლობდეს და სანამ ეს პროცენტი 48-ზე დაბლა არ ჩამოსულა, გამარჯვებულს სურს დატოვოს ბრძოლის ველი. გარდა ამისა, საქართველოსა და მსოფლიოს წინ ურთულესი წელი ელოდება თავისი ეკონომიკური კრიზისით, გაჭირვებით, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით. მოახერხებს თუ არა ამ პრობლემებთან გამკლავებას „ქართული ოცნება“, ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ და არც ის იქნება ცუდი, თუ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას, მაგალითად, ვაქცინის შეძენაშიც დაეხმარება, რათა ეკონომიკა გაზაფხულზე მაინც გაიხსნას.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია?

ვერსია N4 - მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების პროცესი. ცნობილია, რომ 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც, პრინციპში, გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე თუნდაც საპარლამენტო არჩევნები, რადგან ადგილობრივი ხელისუფლებები ხშირად განსაზღვრავენ ადგილობრივი მოსახლეობის სიმპათიებს. ამ ვერსიის თანახმად, თუ რეალური შეთანხმება საქართველოს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ნამდვილად არსებობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტოც შეიძლება ჩატარდეს სრულად პროპორციული წესითა და ელექტრონულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არა ერთპიროვნული ლიდერები, არამედ კოალიციური მთავრობა ეყოლება. რამდენად გაამართლებს კოალიციური მმართველობა, ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან, პრინციპში, მასაც შეუძლია ოპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ კომპეტენტური ხალხისგან დაკომპლექტდება.

მოქმედების გეგმა ოპოზიციისთვის: პარლამენტი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

ვერსია N5 - და, ბოლოს, იმ ადამიანებს, ვისაც მისი ჯერ პრემიერობიდან, მერე კი პარტიიდან 2016 წელს წასვლა ახსოვს, აქვთ დეჟა-ვუს განცდა და ფიქრობენ, ვაითუ მობრუნდესო. ზოგს ეს ირაციონალურადაც სჯერა, რადგან სწორედ მასთან კომუნიკაციაზე ამყარებდა იმედებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და დამსახურებულ ადამიანებს არასოდეს დაუკარგავთ იმედი, რომ ერთ დღეს ივანიშვილი დაუძახებდათ. შესაძლოა, ეს მოხდეს კიდეც, მაგრამ უფრო პირადი ურთიერთობების ასპექტში, რომელიც გაცილებით გულწრფელი იქნება.

ზემოთ გითხარით, ჩემს აზრს მოგახსენებთ-მეთქი. ჰოდა, რამდენადაც მოვლენების ანალიზი და ქალური ინტუიცია მეუბნება, ამჯერად ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავიდა ქართული პოლიტიკიდან ამ სიტყვის ვიწრო გაგებით და დროთა განმავლობაში საკუთარი გავლენების შემცირებასაც შეეცდება. მისი სახელი და საქმეები კი კიდევ დიდხანს დარჩება განსჯის საგანი. და ყოველთვის იარსებებს იმედი, რომ ვიღაცას ეს უკეთესად გამოუვა. ვნახოთ!..

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას