ბიძინა ივანიშვილი: მე არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიქნები

საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი არა მარტო მიდის პოლიტიკიდან, არამედ პირობას დებს, რომ არ ჩაერევა პარტიის საქმიანობაში.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. 2011 წელს განცხადება გავაკეთე, რომ პოლიტიკაში ვიქნებოდი, ვიდრე არ გავისტუმრებდი მოძალადე ხელისუფლებას, ჩემი დანაპირები შევასრულე, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა და მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“

ჩრდილში მიდის – ივანიშვილმა პოლიტიკოსის რანგში პირველ არხს „ბოლო“ ინტერვიუ მისცა

ივანიშვილის განცხადებით, იგი წყვეტს საჯარო საქმიანობას და აღარ აპირებს მმართველი გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას. მისი თქმით, გუნდის წევრებთან ურთიერთობები გაგრძელდება ყოფით დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე.

„მე არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიქნები, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება... გუნდის წევრებს რამდენჯერმე გავუმეორე, რომ ნუ დაელოდებიან ჩემგან შენიშვნებს, ნუ მომმართავენ კონსულტაციებისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკოსობა მისთვის სასურველი და საყვარელი პროფესია არასდროს ყოფილა და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. მე მაშინ ვაცხადებდი, რომ მოძალადე ხელისუფლებას შევცვლიდი და პოლიტიკას დავტოვებდი. მართლაც ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი, დასძინა ივანიშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა უახლოეს ოთხ წელიწადში ახალი „ჯანსაღი“ ძალის დაბადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მემკვიდრე იქნება და რომელიც უფრო ნიჭიერი პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანამდე კი მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა გამოცემა Entrepreneur-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, 1,5 მლრდ დოლარი, როგორც იგი აფასებს აღნიშნულ ქონებას, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.