COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს

ერთადერთი, რაზეც საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს – სამედიცინო პერსონალის ან იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომებია.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისგან მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. 

როდის შემოვა საქართველოში კოვიდ-ვაქცინა: სახელდება სავარაუდო თარიღი

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას COVID-19-ის საწინააღმდეგო, შემოტანილი ვაქცინებისგან ან კორონავირუსის მკურნალობისთვის გათვალისწინებული პრეპარატებისგან მიყენებულ შესაძლო ზიანთან დაკავშირებით, თუ შემოტანილ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია აქვს.

ერთადერთი, რაზეც სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის – ეს სამედიცინო პერსონალის ან იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომებია.

ცვლილებების ავტორები არიან მმართველი პარტიის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, ლადო კახაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო.

მათი აზრით, ცვლილებები ხელს შეუწყობს კორონავირუსის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის შემოტანილ პროდუქციასა და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლაზე პასუხისმგებლობის გამიჯვნას.

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობს: მოცემულ მომენტში ქვეყანა განიხილავს Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულმა ვაქცინებმა ევროპის მარეგულირებელი ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღეს.

გარდა ამისა, ქვეყანას ორმხრივი მოლაპარაკებების გზით იანვარ–თებერვალში სურს მიიღოს დამატებით ვაქცინის 200–300 ათასი დოზა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ მილიონი ადამიანის აცრა იგეგმება.