ხათო რუხაძე კომაროვის სკოლის მეშვიდე და მერვე კლასების დამრიგებელია, ანუ როგორც დღეს უწოდებენ, ზრუნვის მენეჯერი. პროფესიით ფსიქოლოგია, თავის დროზე ბევრ სფეროში მოსინჯა შესაძლებლობები - იდგა სცენაზე, იყო სამოდელო სფეროში, გაზაფხულზე მისი რომანი გამოდის.
დღეს დარწმუნებულია, რომ ბავშვები და მასწავლებლობა არის ის, რასაც არასდროს უღალატებს, რადგან, როგორც თავად გვითხრა, ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივით სჭირდება.
- ხათო, ამბობენ, რომ ლამაზი გოგოს ამბავი ხშირ შემთხვევაში კონკიას ზღაპარიაო, თქვენი ცხოვრება თუ ჰგავს მის ისტორიას?
- ყველაზე ნაკლებად ალბათ კონკიას ვგავარ. მას ყველაზე სუსტ პერსონაჟად ვთვლი – ის ხომ ბედს დამორჩილებული ოცნებობს პრინცზე, რომელმაც მისი ცხოვრება ზღაპრად უნდა აქციოს. დედა კი ბავშვობიდან მასწავლიდა, რომ ადამიანები თავად ვქმნით ჩვენი ცხოვრების ზღაპარს, ამიტომ გამუდმებით უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ოცნებებისთვის. ახლა სრულიად ვიაზრებ მის სიტყვებს. პრინცესა არა, მაგრამ, ვიტყოდი, რომ ძლიერი ქალი და „მწერალი“ ვარ, ამიტომ საკუთარ ბედსაც და ზღაპარსაც თავად დავწერ.
- უნდა ვივარაუდოთ, რომ ბავშვობის ოცნებები აიხდინეთ...
- ჩემი ბავშვობის ნათელი მომენტები ოჯახთან ასოცირდება სანთლის შუქზე გატარებულ საღამოებთან, ცხელი ჩაის გემოსთან, ძველი ფოტოების ალბომებსა და წიგნების სურნელთან. ბავშვობაში ძალიან ბევრს ვოცნებობდი. კედლის მხარეს მიყვარდა დაძინება, რადგან კედელზე ჭრელი ფარდაგი გვეკიდა. მივადებდი ხოლმე შუბლს და წარმოვიდგენდი ჩემს თავს ხან თეატრის სცენაზე, ხან მწერლად... ვფიქრობ, ნაწილობრივ ავიხდინე ბავშვობის ოცნებები, მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს. ცხოვრების ამ ეტაპზე კი ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ჩემს შვილს უკავშირდება.
- სკოლის წლებიდან რას და ვის იხსენებთ?
- ავჭალის 120-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ ამ სკოლას, ჩემს საყვარელ პედაგოგებს და ძვირფას მეგობრებს უკავშირდება. მრავალფეროვანი და საინტერესო პერიოდი იყო. პედაგოგებიდან გამოვარჩევდი მევლუდ ლაშაურს, რომელიც დირექტორის მოადგილე იყო და ხაზვას გვასწავლიდა. ის მხოლოდ მასწავლებელი კი არა, ჩემთვის უფროსი მეგობარი და მრჩეველიც იყო. სწორედ მისი დამსახურებით ავიხდინე ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ოცნება. ბავშვობიდან თეატრზე ვარ შეყვარებული. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც დავწერე სცენარი და გადავწყვიტე თავადვე დამედგა სპექტაკლი და მყოლოდა საკუთარი თეატრალური დასი. მაშინ გვერდით სწორედ ბატონი მევლუდი დამიდგა.
- თქვენი პირველი შეხება სცენასთან წარმატებით დამთავრდა?
- დიახ, საბოლოოდ სპექტაკლი შედგა. მაშინ რთული იყო, თანაც მეათეკლასელი ბავშვის სურვილი ძალიან ამბიციურად ჟღერდა. როდესაც ბატონ მევლუდს სცენარი მივუტანე, ვთხოვე, რომ წაეკითხა და გადაწყვეტილება მიეღო. მან სცენარში ჩემი სათქმელი და გულისტკივილი ამოიკითხა. მეორე დღესვე დამირეკა და მკითხა, როდის ვაპირებდი სპექტაკლზე მუშაობის დაწყებას. ამის მერე არც ერთი წამით არ მოგვშორებია გვერდიდან. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ეს სპექტაკლი შეგდა, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი მოვლენა და მადლობა მას ამ ნდობისთვის. ახლა კი გვერდით მყავს გოჩა კუბლაშვილი, მასწავლებელი, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარია და ადამიანი, რომლისგანაც ცხოვრებას ვსწავლობ. მასთან ყოველი საუბარი ჩემთვის ლექციაა და გონებაც ხარბად ისრუტავს მის ნათქვამ რჩევებსა და დარიგებებს.
- ბავშვობაში „მასწავლებლობანას“ თამაშიც ხომ არ გიყვარდათ?
- ბავშვობაში ჩემი საყვარელი თამაში „მასწავლებლობანა“ იყო. მეზობელ ბავშვებს დავსვამდი ხოლმე ჩემი სახლის კიბეებზე, მქონდა დაფა, ცარცი და ჟურნალი და მათ სხვადასხვა დავალებებს ვაძლევდი. იმ მასალას ვასწავლიდი, რაც მომდევნო წელს უნდა გაევლოთ. უფრო ადრე კი, მახსოვს, მე და ჩემი მეგობრები ავჭალაში მდებარე ბაგა-ბაღში გადავდიოდით შუადღეს, როდესაც მასწავლებლებს ბავშვები ეზოში გამოჰყავდათ და მათ გართობაში ვეხმარებოდით. სკოლაშიც ყოველთვის ჩემზე პატარა ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს ვატარებდი.
- აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ დღეს სკოლაში მუშაობთ...
- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, საკუთარი თავი უამრავ სფეროში მოვსინჯე, მაგრამ უკვე ზუსტად ვიცი, რომ ბავშვები და მასწავლებლობა არის ის, რასაც არასდროს ვუღალატებ. ამის გარეშე არ შემიძლია და ბავშვებთან ურთიერთობა ჰაერივით მჭირდება. სწავლის დაწყების დღიდან უამრავ თემაზე ვისაუბრეთ – წიგნები, ფილმები, ხელოვნება, სპორტი, მეგობრობა, სიყვარული. ვსაუბრობთ ჩვენს ემოციებზე, პიროვნულ განცდებსა და სულიერ სამყაროზე. რომ იცოდეთ, როგორ მსჯელობენ და როგორი დიდი ადამიანები არიან... ყოველ კვირას მათ სხვადასხვა დავალებებს ვაძლევ. ერთი კლასის საათი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. მათ უნდა გაეცოცხლებინათ რომელიმე მათთვის საყვარელი ნახატი და ამის მიხედვით პატარა ნოველა დაეწერათ. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რაც იმ ნამუშევრებმა გამოიწვია - სიხარულისგან ვტიროდი...
- ასეთ ლამაზ მასწავლებელს ბავშვებმა რაიმე თიკუნი ხომ არ შეგარქვეს?
- ბავშვები პროფესორ მაკგონაგელს მეძახიან „ჰარი პოტერიდან“. ერთმა მოსწავლემ მითხრა, მასწ, თქვენც მასავით ჯიგარი ხართო. ალბათ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი კომპლიმენტი... ბავშვები ყველაზე მეტად უფროსებში გულწრფელობას ხედავენ და აფასებენ. მათთან ყოველთვის ლაღი და ნამდვილი ვარ. მათთვის მხოლოდ დამრიგებელი არა, მე ვარ მათი მეგობარი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბავშვები, მე მყავს 45 საოცარი მოსწავლე და ჩვენ ხშირად უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ვცდილობ არ ვიყო ერთფეროვანი და მათ ყოველთვის საინტერესო სიახლეები შევთავაზო.
- არ შემიძლია არ გკითხოთ: სამოდელო სფეროშიც უთუოდ იქნებოდით, ასეა?
- ჩვენებებში მონაწილეობას არ ვიღებდი, თუმცა ფოტომოდელი ვიყავი. გარკვეული პერიოდი უნიჭიერეს ფოტოგრაფთან თამო მიქელაძესთან ვმუშაობდი. თავიდან თანამშრომლობით დავიწყეთ, შემდეგ საუკეთესო მეგობრები გავხდით. თამოს საოცარი იდეები ჰქონდა და, როგორც თავად ამბობდა, მე მისი მუზა ვიყავი. ყველანაირად ვცდილობდი, რომ მისი იდეებისთვის ფრთები შემესხა. ახლა ძნელია ჩვენი ფოტოსესიებიდან რომელიმეს გამორჩევა. თითოეული მათგანი ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო. ჩემთვის სულ ახალ-ახალ პერსონაჟებს იგონებდა. ის თავისი საქმის პროფესიონალია და მიხარია, რომ მასთან მუშაობის ბედნიერება მხვდა წილად.
- ვიცი, რომ მწერლობაშიც მოსინჯეთ საკუთარი თავი, რაზეა თქვენი რომანი?
- ჩემს რომანს „მეორე მე“ ჰქვია და ეძღვნება ყველას, ვინც მის პერსონაჟებში საკუთარ თავს ამოიცნობს. ხშირად ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი, რომ ბოდიშს არ ვუხდი მათ, ვისაც ჩემი წიგნი ტკივილს მიაყენებს. მინდა, რომ ის ადამიანებისთვის სარკე იყოს და მკითხველი საკუთარ სულში ჩავახედო. რომანი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა თუ თემას ეხება. ეს არის ჩემი ხმა, რომელიც მინდა ადამიანებს მივაწვდინო. ხშირად ცხოვრებაში ისე ხდება, რომ გადამწყვეტ მომენტებში ვცდილობთ ჩვენი მეორე მე საკუთარ სხეულში გამოვკეტოთ. ათას ნიღაბს ვირგებთ ხოლმე მის დასამალად, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ შინაგან ხმას მივენდოთ. მერე რა, თუ ზოგჯერ არ გაგვიმართლებს. ამ ამბავმა თუნდაც ტკივილი მოგვაყენოს, მაინც გვიღირს, რადგან სარკეში ჩახედვისას ჩვენი მეორე მე თვალს არ აგვარიდებს. არც იმის განცდა გაგვიჩნდება, რომ იქიდან სხვა ადამიანი გვიყურებს.
- არის ხელოვნების რანგში აყვანილი სხვა თამაში, სადაც სხვადასხვა ნიღაბს ირგებენ და მას თეატრი ჰქვია...
- თეატრი ძალიან მიყვარს. სცენაზე დაბრუნების და თამაშის სურვილი ყოველთვის მაქვს. მომენატრა სცენის მტვერი და თამაშით განცდილი ემოციები. მომავალში ვაპირებ, რომ საკუთარი თეატრალური დასი ჩამოვაყალიბო. ცხოვრებაში ჩემი საყვარელი ფრაზაა: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო და შემდეგ მათაც გავუზიარო. მეც ასევე ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.
- რომანში ყველაზე მთავარზეც იქნება საუბარი...
- ერთ ამონარიდს გაგაცნობთ: „ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში. შესაძლოა, ადამიანთან ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს, მარტო დარჩე, მაგრამ სიყვარულს ბოლომდე უერთგულო“. ადამიანებმა უნდა მოვახერხოთ, რომ სიყვარულს სული შევუნარჩუნოთ და გამუდმებით ვკვებოთ ის. როდესაც სიყვარულს ძლიერი სული აქვს, სირთულეების დროს შენ კი არ ცდილობ სიყვარულის გადარჩენას, ყველაფერს თავად სიყვარულის მეშვეობით დაძლევ. ცხოვრებაში როდესაც მოდუნების მომენტი მაქვს ხოლმე, ჩემი მოსწავლეები მახსენდება. ისინი ამ რთულ პერიოდში ისე ბეჯითად და მონდომებით იბრძვიან საკუთარი მიზნებისთვის, რომ ასეთ დროს დანებების უფლება არ მაქვს. მე მათი იმედები უნდა გავამართლო. მადლობა კომაროვის სკოლას, რომ ასეთი განცდის ბედნიერება მომანიჭა...