საქართველოში ტყის კოდექსი ამოქმედდა

2021 წლიდან საქართველოში ყველა ტყე საკუთრების ტიპის შესაბამისად აღირიცხება და დაიყოფა კატეგორიებად – ფუნქციებისა და ეკოსისტემაზე ზეგავლენის მიხედვით.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა ტყის კოდექსი, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.

საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა გრძელდება

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის (6,97 მლნ ჰა) 40% ტყით არის დაფარული, რაც 2,7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან ტყის ლანდშაფტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ტყის ფონდის ფართობი იცვლება.

2021 წლიდან ყველა ტყე აღირიცხება და საკუთრების ტიპის და კატეგორიების მიხედვით დაიყოფა.

საკუთრების ტიპის მიხედვით საქართველოს ექნება სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო ტყეები. ტყის კატეგორიას კი განსაზღვრავს მისი ფუნქციები და გავლენა ეკოსისტემაზე. სულ ასეთი ოთხი კატეგორია იქნება: დაცული, დაცვითი, საკურორტო და სარეკრეაციო, სამეურნეო კატეგორიის ტყე.

„დაცული კატეგორიის ტყეებს“ ექნებათ დაცული ტერიტორიების სტატუსი და ასეთ ეკოსისტემაში ნებისმიერი ჩარევაა იკრძალება.

„დაცვითი კატეგორიის ტყეებს“ განეკუთვნება ზვავის ან ღვარცოფის აღსაკვეთად არსებული ნარგავები, ასევე სუბალპურ ზონაში, რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან ახლოს მდებარე ტყე.

„საკურორტო ტყე“ – ეს არის ტყე, რომელიც მდებარეობს საკურორტო და სარეკრეაციო ზონაში, სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში და ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე.

„სამეურნეო კატეგორიის ტყე“ – ასრულებს ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციებს და ეს ტყის ერთადერთი კატეგორიაა, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს ტყითსარგებლობის ყველა სახე.

„საქმიანი ეზოები“ – საქართველოში ხეტყის დამზადების პრაქტიკაში ცვლილებებია

კატეგორიებად დაყოფის მიუხედავად თავისუფალი რჩება ტყით სარგებლობა დასვენებისა და გართობის მიზნით, ასევე მცენარეების წიწვის, ფოთლის, ყვავილის, ყვავილის მტვერის, ფისის, წვენის, თესლის, გირჩის, ნაყოფის, სოკოს შეგროვება. თუმცა ხელისუფლებას ან მესაკუთრეს ექნება უფლება, აკრძალოს ტყეში სეირნობა გარკვეული მიზეზების გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ამასთან, აკრძალვის მოქმედების ვადა ხანგრძლივი არ იქნება.

ამიერიდან კოცონის დანთება, თუ ეს არ უკავშირდება სიცოცხლის გადარჩენას, მხოლოდ ამისთვის განკუთვნილ ადგილებში იქნება შესაძლებელი. ასევე აიკრძალება ტყის ტერიტორიის საქონლის ძოვების ადგილად გამოყენება, თუმცა ამ მიზნით სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

გარდა ამისა, ახალი კოდექსით ნებადართულია გარეულ ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა, რათა შემდგომში მათი ბუნებაში დაბრუნება მოხდეს. ამასთან, ცხოველთა მოშენება არ უნდა ახდენდეს გავლენას ტყის ეკოსისტემაზე.

ამიერიდან შესაძლებელი გახდა, გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს – მოხდეს როგორც პოლიტიკური, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე მიუვალი ტყეების მდგომარეობის შეფასება, ასევე ტყეების განვითარების ან დეგრადაციის, მათი მრავალფეროვნების, კლიმატური ცვლილებების გავლენის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ა.შ.