თბილისი, 11 იანვარი - Sputnik. კრემლში გამართული მოლაპარაკების შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ყარაბაღის განვითარების შესახებ.
რუსეთის ლიდერის სიტყვებით, შეთანხმების სარეალიზაციო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენენ სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები. ისინი უხელმძღვანელებენ სამუშაო ჯგუფს, რომელიც უშუალოდ დაკავდება მთიან ყარაბაღში ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის, ასევე საზღვრების გახსნის საკითხებით. გარდა ამისა, ჩამოყალიბდება სამუშაო საექსპერტო ქვეჯგუფები.
„დარწმუნებული ვარ, ამ შეთანხმების რეალიზაცია სარგებელს მოუტანს როგორც სომეხ, ისე აზერბაიჯანელ ხალხს და, ეჭვგარეშე, მთელ რეგიონს, ესე იგი, რუსეთის ფედერაციის ინტერესებსაც“, - აღნიშნა პუტინმა.
ფაშინიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები ყარაბაღს უსაფრთხოების გარანტიებს მოუტანს და რეგიონის ეკონომიკის შეცვლას შეუწყობს ხელს.
„ცეცხლის შეწყვეტიდან ორი თვე გავიდა და ის, რომ მოსკოვში დღეს შეიკრიბა სამი ქვეყნის ლიდერი, რომლებმაც 9-10 ნოემბრის განცხადებას მოაწერეს ხელი, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ განწყობილი შედეგზე, რომ სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ მოქმედებებს წერტილი დაესვას“, - აღნიშნა ალიევმა.
სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე დარჩნენ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, რომლებიც მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდნენ. გარდა ამისა, სომხეთი ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონის დათმობაზე დათანხმდა. მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლის პროცესი.
ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეაფასეს. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღიარა, რომ დოკუმენტი მისთვის მძიმედ მისაღები იყო, თუმცა ამან შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შეენარჩუნებინა ყარაბაღის ტერიტორია, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად დაკარგავდა.
ამას ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიცია პრემიერს სომხეთისთვის წამგებიანი ხელშეკრულების ხელმოწერაში ადანაშაულებს. როგორც ფაშინიანი აღნიშნავდა, ის მზად არის გადადგეს, მაგრამ „მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილების შემთხვევაში“.