„ამნისტია ყველას უნდა შეეხოს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „შემახე ამნისტია“ და მსჯავრდებულების ნათესავები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ერთჯერადი ჰუმანური აქტის გამოცემას და ყველა პატიმრისთვის სასჯელის ვადის ერთი მეოთხედით შემცირებას ითხოვენ.

შეკრებილები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„ეს არ არის ამნისტია, ამნისტია არის ის კანონპროექტი, რომელიც ყველა მსჯავრდებულს ეხება. რომ იძახიან, კრიმინალები გამოვუშვათო, ჩვენ კრიმინალები არ გვიზიან ციხეში, ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, ყველა პატიმარია ღირსი, რომ ერთი მეოთხედით შეეხოს. ვითხოვთ გაფართოვდეს ამნისტია და ყველას შეეხოს. სიტყვა – „ნასამართლევი“ და დაზარალებულის თანხმობა უნდა გაუქმდეს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამას არ შევეგუებით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კანონის გამკაცრებას შესაბამისი შედეგი არ აქვს – ოჯახური ძალადობის შემთხვევები არ მცირდება

საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს მესამე მოსმენით. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს.

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება. 

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, კანონპროექტში შესულია „არსებითი სიახლე“ – პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტს დაემატა მუხლები და დამატებით ზოგი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში სასჯელი შემცირდება.

კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. პროცედურების თანახმად, ვისაც ამნისტია შეეხება, ბრალდებულის მიმართ გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე კი – შესაბამისი სასამართლო. ხოლო მსჯავრდებულების მიმართ საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე – თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს გაიმართა, მეორე კი 5 იანვარს. დეპუტატებმა ორივეჯერ ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტს.