ამნისტიის მოლოდინში: ახალ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ ორშაბათს დაამტკიცებს

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს სავარაუდოდ ორშაბათს დაამტკიცებს მესამე მოსმენით.

ამნისტია საქართველოში ათასზე მეტ პატიმარს შეეხება

პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს.

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის აქტი 80-მდე მუხლს შეეხება და 1 500-მდე მსჯავრდებულზე გავრცელდება. 

კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. პროცედურების თანახმად, ყველა პირის საქმეს, ვისაც ამნისტია შეეხება, სასამართლო გადახედავს და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდებიან.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება>>

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, კანონპროექტში შესულია „არსებითი სიახლე“, რომლის თანახმადაც ზოგი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში სასჯელი შემცირდება.

„მუხლთა ზოგ ნაწილში საუბარია საკმაოდ ხშირად ჩადენილი დანაშაულების ამნისტირებაზე. მაგალითად, როგორებიცაა ნარკოდანაშაული, ეკონომიკური და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. არსებითი სიახლე არის ის, რომ ზოგი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის განახევრება და მეოთხედით შემცირება“, — აღნიშნა სარჯველაძემ.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი კენჭისყრა 30 დეკემბერს გაიმართა, მეორე კი 5 იანვარს. დეპუტატებმა ორივეჯერ ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტს.