ჩინური თუ ბრიტანული: რომელ ვაქცინას აირჩევს საქართველო - ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს მიაჩნია, რომ ჩინური ვაქცინა შეიძლება საუკეთესო იყოს, ვინაიდან კორონავირუსმა პირველად სწორედ ჩინეთში იფეთქა
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოში ორი ანტიკორონავირუსული ვაქცინის შემოტანის საკითხი განიხილება, რომელთაგან ერთ–ერთი ჩინური პრეპარატია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი შესაძლოა ამ კვირაში გადაწყდეს: გამყრელიძის განმარტება

მისი თქმით, მეორე კანდიდატი ვაქცინა ბრიტანული AstraZeneca–ს ნაწარმია.

„ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე — AstraZeneca-სა და ჩინურისა... მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. სხვა თუ არაფერი, იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები. სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს“, — აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჩინეთს, სადაც იფეთქა კიდეც ახალი ტიპის კორონავირუსულმა ინფექციამ 2019 წლის ბოლოს, სხვებთან შედარებით ბევრი დრო ჰქონდა ვაქცინის შესაქმნელად.

„იმასაც ამბობენ, რომ [ჩინეთში] წინასწარ იცოდნენ ამ ვირუსის არსებობა და დიდი ხანია ვაქცინაზე მუშაობენ. ასე რომ, ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება“, — მიაჩნია ცერცვაძეს.

ბოლო მონაცემებით, გასული წლის 26 თებერვლიდან დღემდე, როდესაც COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 239.229–ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 2 773 ადამიანი.