თენგიზ ცერცვაძე: „საბედნიეროდ, კორონავირუსის  პიკმა გადაიარა"

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 238 086-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოში „კოვოდ–19“–ის აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ახლა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სამჯერ და ოთხჯერ შემცირდა, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.

ვნახოთ როგორ მოულხინეს ადამიანებმა სუფრასთან – იმნაძე ვირუსის შემთხვევების შესაძლო ზრდაზე>>

ცერცვაძის თქმით,  ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ გადატვირთვას გაუძლო. იყო გარკვეული შეფერხებებიცა და პრობლემებიც.

„საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა. ჩვენთან ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5 ათასამდე დღეში, ახლა სადღაც 1–დან 2 ათასამდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით, ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყნის დიდ ქალაქებში გარკვეული შეზღუდვები დააწესა, რომლებიც თებერვლამდე იმოქმედებს. გამონაკლისის სახით შეზღუდვები შემსუბუქდა საახალწლო დღესასწაულებზე.

თურნავა: მოლებმა და მაღაზიებმა საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს

ცერცვაძის თქმით, როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და უფრო მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე. მისი აზრით, ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების ამოცანაა, რომ როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდება ინფიცირებულების რაოდენობა და მოიხსნება შეზღუდვები, იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შენარჩუნდეს ინფიცირებულთა შემცირებული რიცხვი.

„ამისთვის აუცილებელი იქნება, რომ დავიცვათ ის რეგულაციები, რომლის შესრულებაც ვისწავლეთ, როგორც იქნა – ეს არის პირბადის აუცილებელი ტარება დახურულ და ღია სივრცეში, ეს არის სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. არ ვიცი, შეზღუდვები როდის მოიხსნება, მაგრამ მოიხსნება, თუმცა რეგულაციები უნდა დარჩეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე: იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო

შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 058-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 238 086-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 224.718 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.750.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.