მსოფლიო დღეს

კონგრესიდან კენჭისყრის ბიულეტენები უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს

ამ წუთებში მოქმედი პრეზიდენტი დემონსტრანტებს პირდაპირი ეთერით მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს მათ.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. აშშ–ის კონგრესის შენობიდან, სადაც ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის ბიულეტენები უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს, იუწყება Reuters–ი.

ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ - ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა

დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ დოკუმენტები სენატის თანამშრომლებს აქვთ.

დღეს ვაშინგტონში კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომა იმართებოდა, რომელსაც ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ამ შედეგების თანახმად, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება ჯო ბაიდენს ხვდა წილად, რომელმაც 306 ელექტორალური ხმა მიიღო. აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთ აკოლეგიაში მხოლოდ 232 მხარდამჭერი მოიპოვა.

სხდომის დაწყებიდან მოკლე ხანში ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც ვაშინგტონში საპროტესტო აქციას მართავდნენ, კონგრესში შეიჭრნენ. სხდომა შეწყდა, კანონმდებლები შენობიდან სასწრაფოდ გაიყვანეს. არეულობის გამო ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო ტრამპმა ქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.

ამ წუთებში მოქმედი პრეზიდენტი დემონსტრანტებს პირდაპირი ეთერით მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს მათ.