ქსნის პენიტენციური დაწესებულების პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ქსნის პენიტენციური დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე.

ბათუმში კორონავირუსით 21 წლის გოგონა გარდაიცვალა

ლორთქიფანიძის ინფორმაციით, პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„[პატიმარს] სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ, როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლება - რედ.), ის გათავისუფლდა და სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში შეზღუდვები მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.666-ს მიაღწია.