კოვიდის გადამდებობა და ებოლას ლეტალობა: დაფიქსირდა საშიში „დაავადება X“

პროფესორი არ გამორიცხავს, რომ პირველი ჰოსპიტალიზებული ქალი შესაძლოა კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ უცნობი და მეტად საშიში ინფექციის „ნულოვანი“ პაციენტი აღმოჩნდეს.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კონგოს ერთ-ერთ კლინიკაში შეყვანილია პაციენტი ქალი, რომელსაც ებოლას ჰემორაგიული ცხელების ნიშნები აღენიშნებოდა, თუმცა ადგილზე ჩატარებულმა ანალიზებმა მოსალოდნელი დიაგნოზი არ დაადასტურა, აცხადებს კონგოს ბიოსამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRB) ხელმძღვანელი, პროფესორი ჟან-ჟაკ მუემბე-ტამფუ.

პლანეტას ახალი ინფექცია ემუქრება: „დაავადება X“ მილიონობით ადამიანს შეიწირავს

მისი თქმით, მასალები გადასამოწმებლად INRB-ს გადაეგზავნა, სადაც დაავადების გამომწვევი აგენტის დადგენა ვერ მოხერხდა.

როგორც ინგენდეს სამედიცინო სამსახურის უფროსმა, დოქტორმა კრისტიან ბომპალანგამ აღნიშნა, დაფიქსირდა კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რომლებიც „სიმპტომებით ძალიან ჰგავს ებოლას, მაგრამ ტესტები ამ დაავადებაზე უარყოფითია“. მისი თქმით, დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით არ ხერხდება.

CNN-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში პროფესორმა მუემბე-ტამფუმ არ გამორიცხა, რომ პირველი ჰოსპიტალიზებული ქალი შესაძლოა კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ უცნობი და მეტად საშიში ინფექციის „ნულოვანი“ პაციენტი აღმოჩნდეს. მეცნიერის თქმით, სავსებით მოსალოდნელია, რომ კაცობრიობა შეეჯახოს ვირუსს, რომელიც გააერთიანებს კოვიდის ინფიცირებულობასა და ებოლას ლეტალობას, და ეს „მონსტრი“ ტყიდან გამოჩნდება.

უფრო სწორად, იმ ადგილებიდან, სადაც ადამიანები აქტიურად იჭრებიან ველურ ბუნებაში, ანადგურებენ ტროპიკულ ტყეებს. 2017 წლის ერთ-ერთ კვლევაში სატელიტის სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ 2001–2014 წლებში ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ებოლას ცხელების 27 აფეთქებიდან 25 დაიწყო იმ ადგილებში, სადაც ტყეები გაიჩეხა. ადამიანებმა გარეული ცხოველები საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნეს, მათთან მჭიდრო კონტაქტში შევიდნენ და ამ ყველაფერს მოჰყვა კიდეც ვირუსების „ნახტომი“ ცხოველებიდან ადამიანებზე.

ახალი სასიკვდილო ეპიდემიის მოლოდინში: „შავ მოსკიტს“ სახიფათო დაავადება გადააქვს

სხვათა შორის, ზუსტად ასე მოხდა კორონავირუს SARS-CoV-2-ის შემთხვევაშიც. როგორც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორი, გენეტიკოსი ანჩა ბარანოვა ამბობს:

„კორონავირუსი ჩვენთან ღამურებისგან მოვიდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ყველგან ვანადგურებთ ცხოველების ბუნებრივ  საცხოვრისს. ახლა ეს ცხოველები მჭიდრო კონტაქტში არიან ადამიანებთან, ეს კი ასე არ უნდა იყოს“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2018 წელს გააფრთხილა პლანეტის მოსახლეობა, რომ არსებობს ახალი გლობალური ეპიდემიის (პანდემიის) საფრთხე, რომელიც ჯერჯერობით ამოუცნობი ინფექციით, ე.წ. „დაავადება იქსით“ იქნება გამოწვეული. ამის შესახებ მაშინ იუწყებოდა გამოცემა Science Alert.

ყველაზე საშიში პათოგენების წლიური სიის დამტკიცებისას, რომლებმაც შეიძლება სერიოზული აფეთქებები და პანდემიებიც კი გამოიწვიოს, ჯანმომ მაშინ პირველად შეიტანა ჩამონათვალში „დაავადება X“.

ორგანიზაცია განმარტავდა, რომ ეპიდემია შეიძლება გაღვივებულიყო იმჟამად უცნობი პათოგენისგან ან უკვე ცნობილი პათოგენების მუტაციებისა თუ ინფექციებისგან, რომლებიც ადამიანებზე ცხოველებიდან გადადის.

სენეგალში ასზე მეტი ადამიანი უცნობი სენით დაავადდა

გასულ წელს, როდესაც მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსულმა დაავადებამ იფეთქა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ COVID-19 არის კიდეც „დაავადება X“. მაგრამ პანდემიის პოტენციური წყაროების ამჟამინდელ ჩამონათვალში შედის როგორც COVID-19, ასევე „დაავადება X“.

ექსპერტების თქმით, კორონავირუსული ინფექცია აღარაა ამოუცნობი დაავადება, ამიტომაც ის „დაავადება X“-ის კატეგორიიდან ამოღებულია.

ჯანმოს ექსპერტები ასახელებენ საშიშ ათ ინფექციას, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს მსოფლიო ეპიდემიის წყარო.

  • COVID-19
  • ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება
  • ებოლას ჰემორაგიული ცხელება
  • მარბურგის ჰემორაგიული ცხელება
  • ლასას ცხელება
  • ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS-CoV)
  • მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), ასევე ცნობილი როგორც „ატიპიური პნევმონია“
  • ნიპახის ვირუსი
  • რიფტ-ვალის ცხელება
  • ზიკას ვირუსი
  • და ასევე ჰიპოთეტური „დაავადება X“, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ უცნობია.