პოლიციამ დააკავა ძებნილი, რომელიც რამდენიმე ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული - ვიდეო

მკვლელობის მცდელობასა და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ მამაკაცს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი,  6 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა 2020 წლის 7 აგვისტოს ქობულეთში, პარკ „ციცინათელაში“ მომხდარი დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა,  1980 წელს დაბადებულმა ა.ა.-მ, პარკ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ორი მოქალაქე დაჭრა. ამის შემდეგ, იგი ავტომანქანით დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ა.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა.

პოლიციამ ძმის მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა: ვრცელდება ვიდეო

პოლიციამ ძებნილი პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, მიმდინარე წლის 6 იანვარს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დააკავა.

სამართალდამცველებმა „მაკაროვის“ სისტემის ორი პისტოლეტი, WEİHRAUCH MELLRİCHSTADT-ის მოდელის რევოლვერი, სამი მჭიდი, 47 ვაზნა და ორი  დანა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შსს-ში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და  126-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.